10-08-2020
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. რაც გულისხმობს, მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული იქნებიან გაიარონ კარანტინი.
დამატებითი რეგულაციები საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა, დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში მოახდენენ პატრულირებას. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.