13-08-2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატების გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატების პირველივე ტურში გამარჯვებაში.
„ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება ბევრ და დიდ გამბედაობას მოითხოვს. არ ვიცი რამდენად აქვთ ეს გამბედაობა ჩვენს ოპონენტებს. ამავე დროს, გამარჯვების შემდეგ, ეს არის ყოველდღიური შრომა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე ტურში ვგეგმავთ ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას. ის შედეგები, მათ შორის მოსახლეობის მხრიდან ის კონკრეტული საკითხები, რომელიც არის წამოჭრილი, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მათთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ის ნდობა, რომელიც გვაქვს თუნდაც დღეს, გამყარებული იქნება და ამ ყველაფერს გამოაჩენს არჩევნები. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერს გადაწყვეტს ბათუმი და ბათუმელები“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ლევან ვარშალომიძის ბათუმში შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა - „ალბათ ეგ იმ სერიიდან არის სააკაშვილი რომ ჩამოდის და პრემიერ-მინისტრი ხდება“.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, გვექნება აქტიური კამპანია და ქართველი ხალხი, კიდევ ერთხელ, 31 ოქტომბერს გადაწყვეტს ვის ეკუთვნის მათი ნდობა, მათი ხმა. მე ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ შემდეგ წელსაც ხალხთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას და აღმშენებლობას“ - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.