14-08-2020
სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწარმოში ,,ჯეონათსი“ იმყოფებოდა.
გიორგი ხანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თხილის ჩაბარების პროცესს და თხილის ლაბორატორიული კვლევების შედეგებს გაეცნო.
დღეისათვის, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში უკვე ჩაბარებულია მოსავლის პირველი პარტია, რომელიც უახლოეს დღეებში ექსპორტზე გავა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერთა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. თხილის მოსავლის პირველი პარტია, გატეხილი თხილის გულის სახით, ამ დღეებში გერმანიაში გაიგზავნება ექსპორტზე. თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ფერმერები ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
წელს 50-55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.