14-08-2020
ბათუმში ტყვიის პროექტის - ,,მიღწევები და პერსპექტივები“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას აჭარის რეგიონში ბავშვებში ტყვიის შემცველობის ნაკლებობით არსებულ გამოწვევაზე და მისი გადაჭრის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება.
,,აჭარაში ტყვიის შემცველობა, განსაკუთრებით ბავშვებში, არის დასაშვებ ნორმაზე მაღალი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ყველაფერზე მომხდარიყო მყისიერი რეაგირება. როცა საქმე ეხება ბავშვებს, მომავალ თაობას, ჩვენი ყველას მოვალეობაა, ამ ყველაფერზე გვქონდეს ადექვატური რეაქცია. აჭარაში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც 2-7 წლამდე ბავშვებში ტყვიის შემცველობის შემცირებას ისახავს მიზნად.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრის, UNICEF-ის და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით იწყებს საპილოტე პროექტს.
წელს აჭარის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ შესაბამისი რესურსი, რომელიც დაგვეხმარება დავიწყოთ სიღრმისეული კვლევები. პირველი სამიზნე ჯგუფი გახლავთ ორსული ქალბატონები. მიხარია, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ერთ-ერთი პირველი უწყება, რომელიც ძალიან მყისიერად დაიწყებს ამ გამოწვევასთან ბრძოლას“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში (2-7 წლის ასაკის ბავშვები) საქართველოში ბავშვების 41 %-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღმოაჩნდა. მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში.
ამ პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდა ეტაპობრივი სტრატეგია, გაეროს ბავშვთა ფონდი ტყვიით დაბინძურების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად აჭარის მთავრობასთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობს.
2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას განახორციელებს, რომელიც ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას უზრუნველყოფს.
კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს და ესტონეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.