5-03-2018
ღია წერილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს.
სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს, მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში , ბატონ ლევან ზაუტაშვილს.
მოგმართავთ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. მოგეხსენებათ, ვართ საჯარო მოხელეები და კონკურსის შედეგად მიღებული დღევანდელ პოზიციებზე. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი - თამაზ მეჭიაური, ჩვენ და ჩვენს სპეციალისტებს არ გვაღიარებს თანამშრომლებად და სრულ იგნორირებას გვიკეთებს. თითქმის ოთხი თვის განმავლობაში, რაც მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, არ ჩატარებულა არ ცერთი სამუშაო თათბირი. მხოლოდ ერთხელ გამოგვიძახეს ადმინისტრაციაში და იურისტის მეშვეობით გაგვაფრთხილეს მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ. ხოლო მეორედ 2018 წლის იანვრის ბოლოს, ჩვენ მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის საშეშე მერქნის შესასყიდად თანხა-4900 ლარი ბიუჯეტში დახვდა, შეგნებულად არ მოგვამარაგა შეშით. ზამთარი გავატარეთ გაუსაძლის სამუშაო პირობებში. მიუხედავად თიანეთის მკაცრი კლიმატისა, დილის 9:00 დან საღამოს 17:00 საათამდე, ყინვაში გვიწევდა სამუშაო ადგილებზე ყოფნა, რადგან აუდიტის სამსახურის მეშვეობით, ხდება ჩვენი სამსახურებში დასწრების გაკონტროლება. სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, კი ამ ფაქტს სამსახურიდან გაშვების საბაბად გამოიყენებენ. ჩვენდამი ასეთი დისკრიმინაციული დამოკიდებულების მიზეზად, მან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, დაასახელა ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები.
ამ ფონზე მოადგილედ დაინიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თიანეთის ფრთის მედროშე, 2009-2012 წლებში გამგებლის მოადგილე- თამაზ იარაჯული, რომელმაც ასევე თავის მხრივ გამოაცოცხლა და თავის რიგებში დააბრუნა იმ პერიოდის მაღალჩინოსნები და მათი მხარდამჭერები! ეს თიანელი და ზოგადად ქართველი ხალხის ნებისა და არჩევანის შეურაცხყოფაა!
დღემდე მერი ახდენს ჩვენს სრულ იგნორირებას, მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფო რესურსებით შეძენილი საახალწლო საჩუქრები მოსახლეობას გადასცა არა ჩვენი დახმარებით, როგორც მერიის სტრუქტურული ვერტიკალის ნაწილი, არამედ საკუთარი პარტიის აქტივისტების მეშვეობით, რომელთაც არავითარი შეხება არა აქვთ საჯარო სამსახურთან. ფაქტიურად სახელმწიფო სახსრები მოახმარა ვიწრო პარტიულ ინტერესებს.
ამ გზით, ჩვენ გვიქმნიდნენ გაუსაძლის პირობებს, რათა ჩვენი ნებით დაგვეწერა განცხადებები და დაგვეტოვებინა სამსახური, რადგან სხვა მიზეზი, ჩვენი გათავისუფლებისა არ გააჩნდათ. მიუხედავად ასეთი შევიწროებისა, ჩვენ დღემდე ვემსახურებოდით საკუთარ რაიონს და ხალხს პირნათლად.
ჩვენს დევნას რომ დაიწყებდა ბატონი მერი, ეს მან 2017 წლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ #44 ნომერში, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის კითხვაზე: „ თიანეთის გამგეობიდან ქიტესაშვილის კადრებს გაყრით?“ - მან უპასუხა: „აუცილებლად გავათავისუფლებ იმ ქალბატონს, რომელიც ტელევიზიით გაჰკიოდა -ხელისუფლებაში ლოთები მოვიდნენო! იმას რომ რწმუნებულად არ დავტოვებ, ეჭვი ხომ არ ეპარება? წავიდეს და იდავოს სასამართლოში!“-ო . დანაპირები დღეს გამთენიისას, 04:00 საათზე შეასრულა.
დიახ ბატონებო! ბატონმა თამაზ მეჭიაურმა „კაპოტზე ქეიფი“ მისაბაძ საქციელად აქცია. მერი და მისი გუნდის წევრები მართლაც ლოთობენ და ამის მაგალითს სხვებსაც აძლევენ. სოფ. ზარიძეებში ე.წ. „ბირჟაზე“ მდგარი სასმლის მოყვარული საზოგადოება, ხშირად იღებენ მისგან (თბილისიდან სამსახურში მომავალისგან) სასმელს და საჭმელს(დასაყოლებელს) და სკოლისა და საბავშვო ბაღის წინ ხდება ეს ყოველივე, რითაც ახალგაზრდობას ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ. ამ ამორალური საქციელის დაგმობა კი ჩვენ სამსახურის დატოვების ფასად დაგვიჯდა.
განაწყენებულმა მერმა წარმომადგენლების მიმართ წამოიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე მიმდინარეობდა დარღვევებით. წარმოების დამთავრებამდე არც კი გაგვაცნეს საქმის მასალები. მიუხედავად თავისივე დანიშნული დისციპლინური კომისიის დადებითი დასკვნისა, (ხმათა უმრავლესობით 4/3 ზე), და იმ ფაქტისა, რომ წარდგენილი გადაცდომების არცერთი ფაქტი არ დადასტურდა,გამოიტანა არათანაზომიერი გადაწყვეტილება და წუხელ გამთენიისას 04;00 საათზე გაგვათავისუფლა სამსახურიდან. ამის შესახებ კი სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერით გვამცნო. ჩვენს ადგილებზე კი დღესვე დანიშნა საკუთარი პარტიული სიის წარმომადგენლები!!!
ასე შეურაცხყოფილად, დამცირებულად და უფლებაჩამორთმეულად არასოდეს გვიგვრძვნია თავი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ პარტია ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭირეთ მხარი და არა მას.
მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სრულად ვიზიარებთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კურსსა და მიზნებს და პირადად ვართ ბოლო 4 წლიანი აღმშენებლობის პროცესის მონაწილეები, ვერ დასახელდება თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც რომელიმე ჩვენთაგანმა, თავისი პოლიტიკური სიმპათიები ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მიზნებისთვის ან სამუშაო დრო და რესურსი გამოიყენა პირადი თუ პარტიული მიზნებისთვის. გაუგებარია რისთვის ვისჯებით!? რატომ ხდება ჩვენი პოლოტიკური ნიშნით დისკრიმინაცია!?
გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წერილი და იმსჯელოთ თიანეთის მერიაში გაბატონებულ მასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით. დროა ყველა კომპეტენტურმა პირმა ხმა აღიმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თორემ ცოტა ხანში თიანეთის მუნიციპალიტეტში აღვირახსნილობა დაისადგურებს!!!
პატივისცემით:
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში ნატო სუარიშვილი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში გრიგოლ კახოშვილი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში კახაბერ კუჭავა.