18-08-2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ონლაინ-შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები.
მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციებზე, მათ შორის სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის და საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის, ასევე ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უმოკლეს ვადებში გათავისუფლების აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავისუფლად გადაადგილების პრობლემაზე, რაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით დაწესებული შეზღუდვების ფონზე კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებთა ყოფას.
აღინიშნა, რომ პანდემიის პირობებშიც კი რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ თემებს იყენებს მანიპულირებისა და პოლიტიკური ზეწოლისთვის.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის აუცილებლობას საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების და ინციდენტების შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის.
აღსანიშნავია, რომ ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, ალექსანდრე მაისურაძისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტის, პიტერ მაურერის შეხვედრის მთავარ თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული რთული ვითარების განხილვა.
შეხვედრაზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წითელი ჯვრის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის და სამედიცინო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გახშირებულ ფაქტებზე, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ალექსანდრე მაისურაძემ შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანების გატაცების გახშირებულ შემთხვევებზე და ყურადღება გაამახვილა ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში გაწეული საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მიკვლევის საკითხში ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი როლი.
შეხვედრის ფარგლებში, პიტერ მაურერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან არსებულ სამაგალითო თანამშრომლობაზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და საქართველოს წითელ ჯვარს COVID-19 თან ეფექტური და წარმატებული ბრძოლისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და ICRC-ს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებაზე.