გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ადამიანი ძაღლის მეგობარია? აფხაზეთში მაწანწალა ცხოველებს ხოცავენ

5-03-2018

უსახლკარო ძაღლების პრობლემა აფხაზეთში ძალიან მწვავედ დგას და მარტივად წყდება – მათ უბრალოდ ხოცავენ.  

რაიონებში მაწანწალა ცხოველებს ცეცხლსასროლი იარაღით ანადგურებენ, სოხუმში კი –  პნევმატური იარაღიდან ნასროლი სასიკვდილო პრეპარატიანი ნემსებით აძინებენ.

აფხაზეთის ადგილობრივ ბიუჯეტებში პრობლემის მხოლოდ ასეთი რადიკალური გადაწყვეტისთვის არის საკმარისი ფული, ცხოველთა თავშესაფრებისა და მათი სტერილიზაციის პროგრამების დაფინანსება კი გათვალისწინებული არ არის.


აზოგადოება ყოველთვის ძალიან მძაფრად რეაგირებს, როდესაც სოციალურ ქსელებში მოკლული ძაღლის მორიგი ფოტო ჩნდება.

ზოგი მკვლელობას აპროტესტებს:

„რა გარეწრები არიან? რისთვის ხოცავენ ამ უდანაშაულო ცხოველებს?“ – წერს ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი.

„როდის ააშენებენ ბოლოს და ბოლოს თავშესაფარს?“ – პასუხობს მას მეორე.

სხვებს მიაჩნიათ, რომ მაწანწალა ძაღლების დასახოცად, პირიქით, სახსრები უნდა გამოიყოს.

„მათი დაძინება ან დახოცვა უმჯობესია, ვიდრე თავშესაფრის შენება. უფრო იაფი დაჯდება“.

„მაწანწალა ძაღლების დასაჭერად აუცილებლად უნდა არსებობდეს კარგი პროგრამა. თორემ ასეთი ტემპებით, საბოლოოდ, მათ მიმართ შიში გაგვიჩნდება“.  

ეს ორი ჯგუფი დუჟმორეული უმტკიცებს ერთმანეთს საკუთარ პოზიციას. მაგრამ ეს სიტყვიერ ბატალიებს არ სცდება. დღესდღეობით აფხაზეთში „ცხოველების დაცვის შესახებ“ კანონი არ არსებობს, ამიტომ უაზრობაა იმის თქმა, რომ ხელისუფლება თავშესაფრების, ან ამ საცოდავი არსებების სისტემური სტერილიზაციის ორგანიზებით დაკავდება.

„ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრეაგირებთ, როდესაც თავად მოქალაქეებს შემოაქვთ ადმინისტრაციაში განცხადება იმის თაობაზე, რომ მათ ძაღლმა უკბინა ან აგრესიული ძაღლები ნახეს, – ამბობს კომუნალური სამმართველოს უფროსი დმიტრი ახუბა, – მხოლოდ ასეთ დროს ვიღებთ ზომებს, – ადგილზე მიდიან სპეციალისტები, რომლებიც სიტუაციას აფასებენ და გადაწყვეტილებას იღებენ. როგორც წესი, მაწანწალა ძაღლებს აძინებენ“.

რა უნდა გაკეთდეს?

რამდენიმე წლის წინ ქალაქის ცენტრში ცხოვრობდა ბებია ეველინა, რომელიც თავის მცირე შემოსავალს მთლიანად მწანწალა ცხოველების დასახმარებლად ხარჯავდა. ის მათ კვებავდა, მკურნალობდა – ცხოველები მუდამ მისი სახლის გვერდით იყვნენ.


შემდეგ მისი დახმარება მეზობელმა გოგონებმაც დაიწყეს და მაწანწალა ცხოველების მოვლა ეველინას გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელეს. ისინი მათ კვებავენ, მკურნალობენ და მათთვის პატრონების მოძებნას ცდილობენ. ძაღლების უმეტესობა რუსეთიდან ჩამოსულმა ცხოველთა მოყვარულებმა შეიფარეს, ზოგი კი საერთოდ ფინეთში წაიყვანეს.  

ტურბაზის რაიონში მცხოვრები კიდევ ერთი მოხუცი ქალი მთელ თავის პენსიას მაწანწალა ძაღლებისა და კატების დასახმარებლად ხარჯავდა. ახლახან ბებია მძიმედ გახდა ავად და ცხოველები ისევ მშივრები დარჩნენ.


ასულ წელს გაგრაში შეიქმნა მაწანწალა ცხოველების დახმარების საქველმოქმედო ფონდი „ბაგირა“. ის საიდა ოტირბამ შექმნა, თავისი ძაღლის, ბაგირას სამახსოვროდ, რომელიც მაწანწალა ძაღლების წინააღმდეგ მებრძოლების მსხვერპლი გახდა. ისინი საკურორტო სეზონის დაწყების წინ ქალაქს „ასუფთავებდნენ“.

„ყველგან საწამლავს ყრიდნენ და როდესაც სასეირნოდ გამოვედით, ჩემმა ძაღლმა შეჭამა, მე კი დროულად ვერ შევნიშნე“, – ჰყვება საიდა ოტირბა.

მის თავშესაფარში 40-ზე მეტი მაწანწალა ძაღლი ცხოვრობს და მათ ორი ადამიანი უვლის – საიდა და მისი მეგობარი კარინა ეკსუზიანი. ახლახან ქალაქის მერმა მათ ხუთი ათასი კვადრატული მეტრი ფართობის (დაახლოებით ფეხბურთის მოედნის ნახევარი ზომის) უდაბური ადგილი გამოუყო, მაგრამ ფონდის დამაარსებლები იქ გადასვლას არ ჩქარობენ, რადგან თავშესაფრის ასაშენებლად სახსრები არ გააჩნიათ – თან ეს ადგილი ქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.    

„მხოლოდ ღობისთვის 180 ათასი რუბლი (დაახლოებით $3 ათასი) გვჭირდება. მთელი წლის განმავლობაში 15 ათას რუბლს ვაგროვებდით (დაახლოებით $ 266). ცხოველებს იქ ვერ გადავიყვანთ, სადაც ღობე არ არის. გაიქცევიან. ამიტომ, ჯერჯერობით ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთის დაქირავება გვიწევს. ჩვენმა ნაცნობებმა ჯიხურები გაგვიკეთეს“, – ამბობს საიდა.

აი, ერთი ძაღლის შესანახად საჭირო მათი ხარჯი:

ჯიხური – 3,500 რუბლი [დაახლოებით $62];;

საკვები – 2,400 რუბლი[დაახლოებით $43] თვეში;

აცრები – 490 რუბლი [დაახლოებით $9];

ანალიზები – 1,800 რუბლი [დაახლოებით $ 32];

მიწის ნაკვეთის ქირა – 12,000 რუბლი [დაახლოებით $ 213].

საიდა ოტირბას თქმით, მათ რუსეთიდან და ევროპიდან ჩამოსული გულისხმიერი ადამიანები ეხმარებიან და მხოლოდ ნაწილობრივ – აფხაზები – ფეისბუკისა და ინსტაგრამის ჯგუფების წევრები.

„ახლახან რუსეთიდან უცნობმა ადამიანმა დაგვირეკა და თავის ავტომობილის ჩუქება შემოგვთავაზა. ახლა მანქანა გვყავს, წინათ კი ფეხით და სამარშრუტო ტაქსებით მიმოვდიოდით“, – ამბობს ის.  

„დღეს ერთი „მძიმე“ ძაღლი ჩამოვიყვანეთ. ის მატარებელმა გაიტანა. საღამოს შინ დაღლილი დავბრუნდი და ვხედავ, ჩემს ღობეზე ლეკვია მიბმული. ტელეფონი არ ჩერდება, მთელი აფხაზეთიდან რეკავენ. ხანდახან ისე ხდება, რომ ბიჭვინთაში მივდივარ, ძაღლი ჩამომყავს, ვტოვებ და მაშინვე სხვა ძაღლის ჩამოსაყვანად სულ სხვა მიმართულებით მივემგზავრები. ძაღლები სამკურნალოდ დაგომისსა და სოჭში დაგვყავს“, – გვიამბო საიდამ.

ამ ფონდის არსებობის განმავლობაში განკურნეს და ახალი სახლები მოუძებნეს 300 მაწანწალა ძაღლს – ცხოველები მათთან მთელი აფხაზეთიდან ჩაჰყავთ.

კომპანია “სპეცხაზიაისტვა”-ს, რომელიც სოხუმის მთავრობას ეკუთვნის, თავისი გეგმა აქვს: ყოველ თვეში მისი თანამშრომლები დააზლოებით 30 უსახლ-კარო ძაღლს და კატას აძინებენ.

jamnews