გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში თხილის მოსავლის აღება გრძელდება

19-08-2020

წელს, ადგილობრივი ფერმერები 5 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მეთხილე ფერმერებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შეხვდნენ და მოსავლის აღება-დაბინავების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე ფერმერებმა აღნიშნეს, წლევანდელი ხარისხიანი და ჭარბი მოსავალი მავნებლების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის შედეგია.

„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფერმერების მიერ ერთობლივად გატარებული სამუშაოების შედეგად, წელს ქვეყანაში 50 000 ტონაზე მეტ თხილის მოსავალს ველოდებით. აღსანიშნავია, რომ მოსავლის ხარისხი გაცილებით მაღალია. ფერმერები ასრულებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ არის შემუშავებული. ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გამართული მუშაობა შესაძლებლობას გვაძლევს, ქართული თხილი კონკურენტუნარიანი იყოს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

„თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მეთხილე ფერმერები ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

უწყების ინფორმაციით, მეთხილეობის დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეთხილე ფერმერებს 2500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი თანადაფინანსების პრინციპით გადასცა, ამავდროულად, 2000 ჰა ფართობზე ჩატარდა აგრარული ექსტენცია.