გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: პროექტი „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ ისევე, როგორც ეკონომიკური პოლიტიკა, სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად

20-08-2020

პროექტი „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ ისევე, როგორც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით დღეს, პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მიზნად ისახავს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამბროლაურში, პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მეწარმეობის მხარდამჭერი ყველა პროგრამა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი თუნდაც მცირე მიკროსაქმიანობიდან, დასაქმდნენ და დაასაქმონ სხვები.
„მინდა ყველას, განსაკუთრებით მცირე, მიკრო და პოტენციურ მეწარმეებს, ვისაც სურს ჩვენს პროგრამებში ჩართვა, მივულოცო ამ პროექტის დაწყება. ეს არის ძალიან ეფექტური ინიციატივა და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, და ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად, პრაქტიკულად თვენახევრის განმავლობაში განგვახორცილებინა ეს პროექტი სამ სამინისტროს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, სახელმწიფოს მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები ძალიან ეფექტურად მუშაობს და თითოეული ადამიანისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა.
„მხოლოდ ერთი, ეკონომიკის სამინისტროს მიმართულება რომ ავიღოთ, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 600-მდე მცირე საწარმო და მცირე და საოჯახო სასტუმრო არის შექმნილი ჩვენი მხარდაჭერით და 19 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმებული. მიკროგრანტების მიმართულებით კი 6 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა და აქაც 15 ათასამდე ადამიანი დასაქმდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამბროლაურში მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ პრეზენტაცია გაიმართა. „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ - ეს არის საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს დეტალური ინფორმაცია მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პრეზენტაცია წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

პროექტი ითვალისწინებს ერთიანი სივრცეების შექმნას საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში მოქალაქეები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ბიზნესის სტიმულირების 20 - ზე მეტი პროგრამის შესახებ დისტანციურად, ან ადგილზე ისარგებლებენ ინფრასტრუქტურით და შეძლებენ, შეავსონ განაცხადები. ამისთვის სერვის ცენტრებში მათ სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან.

პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე - programs.gov.ge, სადაც მომხმარებელი შეძლებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამის სარგებლის, კრიტერიუმების და განაცხადის შევსების შესახებ.