21-08-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.
„გასული წლების მსგავსად, წლევანდელი რთველიც ორიენტირებულია მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვაზე და მათი შრომის დაფასებაზე. მოსავლის ზრდასთან ერთად, გამოწვევები დარგში იზრდება, დასაბინავებელია 300 ათასამდე ტონა ყურძენი. რთველი 2020 იქნება წარმატებული, რადგან სახელმწიფომ ამის ყველანაირი წინაპირობა შექმნა.
კორონავირუსის პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. ჩვენ ფერმერებს დავეხმარებით სუბსიდიით, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, ყურძნის ფასი იქნება მინიმალური. ორგანიზებული გვაქვს ყველა ღონისძიება, რომ მევენახეებმა შეფერხებების გარეშე შეძლონ მოსავლის დაბინავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, რთველისთვის მზადება ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით, ყველა საწარმოს მიეცა მოდერნიზაციის შესაძლებლობა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველის საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 0,30 ლარი; 1 კგ კახური მწვანისთვის - 0,30 ლარი;
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.