5-03-2018
ჰესების საწინააღმდეგო აქცია მესტიაში დღეს განახლდა. ზემო სვანეთის მოსახლეობას კომპანია „სი ენერჯის“ ოფისთან შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის მანანა საღლიანის თქმით, ისინი დღეს მესტიის შესასვლელში გზის გადაკეტვას აპირებდნენ, რათა მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტექნიკა არ გამეტარებინათ, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ჰესის მშენებარე კომპანიამ თოვლის გამო შესაბამისი ტექნიკის შეყვანა ვერ მოახერხა.
რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მესტიაშია მობილიზებული, აქციის მონაწილეები ამ ფაქტს მესტიის მერს უკავშირებენ.
„ამით შიშის დათესვა უნდათ, თუმცა, ჩვენ არ შევშინდებით. დღეს გავაკეთებთ განცხადებას, რომ საკუთარ ხალხს მიუსიეს სპეცდანიშნულების რაზმი და მთელი ღამე კონტროლზე იყო აყვანილი მთელი მესტია. ჩვენ კრიმინალური არაფერი ჩაგვიდენია და რატომ გახდა, ამხელა დანაყოფების შემოყვანა საჭირო, ვერ ვხვდები. ყველაფერში დამნაშავე ადგილობრივი ხელისუფლებაა“, - თქვა საღლიანმა.
თავის მხრივ, მესტიის მერი ამბობს, რომ სპეცდანიშნულების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„მე ნამდვილად არ ვარ უფლებამოსილი, რომ სპეცდანიშნულების რაზმების შემოყვანის შესახებ ბრძანება გავცე. არც მინახავს ეს რაზმები, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ინვესტიცია, რაზედაც არის საუბარია, აბსოლუტურად კანონიერია. ეს ჰესები რამე საფრთხეს რომ უქმნიდეს ჩვენს რეგიონს, პირველ რიგში ჩვენ ვიქნებოდით წინააღმდეგი. შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოლიტიკური აქციაა, სხვაგვარად ვერ ავხსნი იმას, რატომ არიან აქციაზე ისეთი ადამიანებით, ვინც თავის დროზე ჰესების მშენებლობას მხარს უჭერდა“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება პროექტების გაცნობას, მერის თქმით, ნებისმიერ მსურველს მის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეეძლო.
სვანეთში ჰესებისა და სხვა საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას მეორე დღეა აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ დაუშვებელია რეგიონში ჰესების მშენებლობის დაწყება, სანამ პროექტს მოსახლეობა არ გაეცნობა.
რადიო "ათინათი"