20-11-2017
ბათუმში აღმოჩენილი ქვევრის დაზიანების შესახებ, ბათუმის მერია პირველ კომენტარს აკეთებს. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგო პეტრიძე ამბობს, რომ მერიაში ქვევრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. შესაბამისად, მათ სპეციალისტები ქვევრის დაზიანების შემდეგ მიიწვიეს და დაიწყო ექსპონატის კვლევა.
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ფაქტობრივად, უვნებელი ქვევრი იყო და მერე დაზიანდა. სამწუხაროდ, მერია ინფორმირებული არ იყო ამ საკითხზე. კომპანიას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, ჩვენთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, ქვევრი მუშა პერსონალის დაუდევრობით დაზიანდა" - ამბობს პეტრიძე.
მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, ადგილზე მუშაობენ არქეოლოგები. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ზომებებს გაატარებენ. "მანამდე მერია აჩერებს ამ ტერიტორიაზე მუშაობას" - ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.
კონკრეტულად რა რეაგირებაზეა საუბარი და გატარდება თუ არა სანქციები ექსპონატის დაზიანებისთვის, ამ დროისთვის უცნობია.
ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში, მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ექსპონატი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრიეს.
წყარო: "აჭარის ტელევიზია"