10-09-2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
„ჩოხატაურში მცხოვრები მოსახლეობის ყველა პრობლემა ვიცი. 2004-2008 წლებში პარლამენტის წევრი ვიყავი. იმ პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან გურიაში არცერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა, თუმცა პირადი რესურსებით ვცდილობდი ჩოხატაურში არსებული პრობლემების მოგვარებას. დღეს, როცა დავდივარ სოფლებში, ვხედავ არაერთ დასრულებულ თუ მიმდინარე პროექტს და ეს ძალიან მახარებს. შუა ამაღლებაში აშენდა ახალი საჯარო სკოლა, განხორციელდა შიდა გზებისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ამაღლების საჯარო სკოლაში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ სამებაში განხორციელდა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. გოგოლესუბანში მოეწყო შიდა გზები. ოთხივე სოფელი გაზიფიცირდა სრულად“ - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.