11-09-2020
მიმდინარე წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 19 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი: 12,3 ათასი ტონა რქაწითელი, 3,8 ათასი ტონა საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 215 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 50 ღვინის საწარმო.
ღვინის ეროვნული სააჰენტოს ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 3,5 ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავების პროცესი, თელავისა და საგარეჯოს გარდა, კახეთის ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.
„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 შეუძლია.