გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კალაძე: დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა

12-09-2020

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თიანეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე მხარეში ვიმყოფები, სადაც საკუთარი კუთხისა და ქვეყნის მოყვარული, ამაყი და მშრომელი ხალხი ცხოვრობს.

მრავალფეროვანი, ლამაზი ბუნება, მაღალი მთები, კულტურულ-ისტორიული ძეგლები - ეს ყველაფერი კარგად მეტყველებს თქვენზე, თუმცა, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, დაუვიწყარია ის განსაკუთრებული გამბედაობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში გამოიჩინეთ და არ შეუშინდით არცერთ დაბრკოლებას, როცა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მხარდამხარ იბრძოდით წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად რთული იყო ეს პერიოდი, მხედველობაში მაქვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გამოვიარეთ და გადავლახეთ.

მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და 2012 წლიდან მოყოლებული, თიანეთში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი პროექტების და ტურიზმის განვითარების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა და მომავალშიც, ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს სიკეთე თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოიყენოს.

რასაკვირველია, ამ ეტაპისთვის მიღწეული წარმატებით არც თქვენ და არც ჩვენ არ ვკმაყოფილდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთად, ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით, შევძლებთ, რომ ეს მხარე და აქ მცხოვრები ადამიანები ბევრად უკეთ და უფრო შეძლებულად ცხოვრობდნენ.

ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მომავალი გამარჯვებები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გამარჯვებების გემო, 2012 წლიდან დაწყებული, ყველა არჩევნებში ჩვენ გამოვდიოდით წარმატებულად და თიანეთი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამისთვის მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს.

დარწმუნებული ვარ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ გამარჯვების მიღწევას და ეს არ იქნება მხოლოდ ადგილობრივების, თქვენი კანდიდატის ან პარტიის გამარჯვება, ეს იქნება მთელი ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.