გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გაბუნია: ბორჯომმა თავისი პრობლემები თავად უნდა მოაგვაროს

6-03-2018

ანაკლიაში საქართველოს პარლამენტის რეგიონული თვითმართველობის კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საუბარი შეეხო, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებსა და პრობლემების გადაჭრის მექანიზმებს. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა, გასვლითი ფორმატი მნიშვნელოვანია რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან დიალოგისთვისა და კომუნიკაციისთვის.

გაბუნია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბორჯომში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. "ბორჯომმა პრობლემების გადაჭრა თავად უნდა მოახერხოს და ეს მიიღწევა მხოლოდ დიალოგის გზით,"- თქვა გაბუნიამ და დასძინა, რომ მოსახლეობას არ მიეწოდება ის მუნიციპალური და საჯარო პროექტები, რასაც იმსახურებენ და ადამიანები ვერ იღებენ ხელფასს. 

"ეს არის პრობლემა და პრაქტიკულად პარალიზების წინაპირობა, რასაც ბუნებრივია არ მივესალმებით, რაც შეეხება მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს განცხადებები აზიანებს შესაძლებლობას იმისას, რომ მეორე ჯგუფთან გამონახონ კონსესუსი, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ბორჯომის საკრებულოს საკითხი, არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე, სადაც არსებობს ძალიან მკაფიოდ გაწერილი ინსტიტუციური, ჩარჩო- მექანიზმები,"-განაცხადა გაბუნიამ.

პირველ მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყო მობილიზებული. ვითარება აქ 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა.  სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.

ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.

imedinews.ge