ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ ქვათეთრში 25-წლის მამაკაცი ღვინის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.
ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ ეჭვმიტანილმა თანასოფლელს, 86-წლის მოხუცს 120 ლიტრი ღვინო მოპარა.
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროში აცხადებენ, რომ 26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დანაშაულის 5 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც ოთხი გაიხსნა. მაგალითად, კვაისას რაიონში ეჭვმიტანილი, ქალის გაუპატიურების ბრალდებით, დააკავეს.
ქალაქ ცხინვალში 51 წლის ასაკის ქალის ცხედარი იპოვეს, რომლის სხეულზე, მილიციის ცნობით, ძალადობის კვალი არ აღინიშნება.