7-03-2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა. ანაკლიაში გამართულ ღონისძიებას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები - საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები და გამგებლები დაესწრნენ.
კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ რეგინული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის დიდი პატივია პირველი გასვლითი სხდომა გამართოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, იმ ადგილას, სადაც რამდენიმე ასეულ მეტრში საქართველოს განუყოფელი ნაწილი - აფხაზეთია.
„სახელმწიფოს ცხადია გვაქვს გამოწვევები, ამოცანები და ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. სანამ ეს პრობლემა იარსებებს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აქტუალური საკითხი არ იარსებებს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის თავმჯდომარე გასვლითი სხდომების მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ტიპის შეხვედრები კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებია, სადაც კომიტეტს სურს, რომ გაჩნდეს მუდმივმოქმედი პლატფორმა დიალოგისთვის და მოსმენისთვის. „ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქმნის იმის წინაპირობას, რომ კანონმდებლებმა იმგვარი ცვლილებები მოამზადონ და მიიღონ, რაც უკავშირდება მუნიციპალიტეტების და საბოლოო ჯამში, იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. მისივე განცხადებით, ყოველივე ამისათვის, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაცია და იმ ინსტიტუტების გაძლიერება, რომელიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსვლის დასასრულს დეცენტრალიზაციის საკითხზე სახელმწიფო მიდგომებს შეეხო და 5 მარტს პარლამენტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ თვითმმართველობის გაძლიერების და დეცენტრალიზაციის ახალი მოდელის პრიორიტეტულობაზე ისაუბრეს.
კომიტეტის გასვლითი სხდომა დღის წესრიგის საკითხების განხილვით გაგრძელდა. კომიტეტის წევრმა გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში„ შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირად საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი დაწესების გამო, მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, კანონის N 4.1 ცხრილს ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი განისაზღვრება 3.0 კოეფიციენტით, ხოლო N4.2 ცხრილს დაემატება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2.0 კოეფიციენტის ზედა ზღვარით.
საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და ირაკლი მეზურნიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, რომელიც თვითმმართველობის ერთეულებში პარკირების საკითხების დარეგულირებას შეეხებოდა. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას, მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ცვლილებების შედეგად, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევის დაჯარიმება შემოდის, რომლის ჯარიმის ოდენობაც 10 ლარით განისაზღვრება.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისი“ იმპლემენტაციის საკითხებზე და ძლიერი თვითმმართველობის განვითარების კუთხით, სახელმწიფოს მიდგომებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველომ თვითმმართველობის ევროპული მოდელი დანერგა და მისი ეფექტურად მუშაობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და რეფორმა შეიმუშავა. „2014 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა, როდესაც პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მიიღო, სადაც გაერთიანდა რამდენიმე კანონი და აღსრულების ნორმები. ამ მხრივ გასაკუთრებით აღსანიშნავია, ის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მერების და გამგებლების არჩევითი წესით დანიშვნა ხდება. ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თვითმმართველობის მოდელის სრულყოფას და ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც გუშინ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა. ეს მიმართულებებია: თვითმმართველობის უფლებების გაზრდა, ფინანსური რესურსების გადაცემა ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის და სამოქალაქო ჩართულობის და ანგარიშვალდებულებების გაზრდა“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
კომიტეტის სხდომა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე განხილვით გაგრძელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე, საძოვრების და სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მოპოვების საკითხებზე გაამახვილეს. ასევე აღინიშნა, რომ სოფლის განვითარების მხარდამჭერი პროგრამის შეჩერებამ, რეგიონში გარკვეული სირთულეები წარმოქმნა. სხდომაზე დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა მოხსენებები წარმოადგინეს და დასმულ შეკითხვებზე განმარტებები გააკეთეს.
კომიტეტის გასვლითი სხდომა სამეგრელო-ზემო სვანეთის საიმიჯო კლიბის ჩვენებით დასრულდა, სადაც წარმოდგენილი იქნა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და მისი განვითარების ხედვები.
სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმი ანაკლიაში დაწყებულ მნიშვნელოვან პროექტს - პორტის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.