გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: 31 ოქტომბერს წყნარად, მშვიდად, თავისუფალ გარემოში უნდა გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი

21-09-2020

ამ უნიკალურ ბუნებაში, ამ უნიკალურ გარემოში, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ჯერ ბუნებას გავუფრთხილდეთ და შემდეგ, ეს კუთხე სულ უფრო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბაღდათში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, ბაღდათი აგრარული მუნიციპალიტეტია და აქ, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი გლეხი, ძლიერი ფერმერი გახდეს.

„დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა, ქვეყნის და ბაღდათის ხვალინდელ დღეზე საუბარი. ამ უნიკალურ ბუნებაში, ამ უნიკალურ გარემოში, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ჯერ ბუნებას გავუფრთხილდეთ და შემდეგ, ეს კუთხე სულ უფრო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ბაღდათი აგრარული მუნიციპალიტეტია და აქ, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი გლეხი, ძლიერი ფერმერი გახდეს. ბაღდათში, თავისი ისტორიული სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები, როგორიც არის მევენახეობა, მეღვინეობა, სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ბაღდათში, რაც უფრო მეტი პატარა მარნები გაჩნდება, სადაც მაგარი ხარისხის ადგილობრივ ღვინოს დაამზადებენ, მით უფრო ბევრი ტურისტი მოვა აქ, ამ ბუნებაში. ყველას კარგად გვესმის, რომ აქ არის ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი, რომელმაც უკვე ისტორიულად მოიხვეჭა რეპუტაცია, რომელსაც უკვე აქვს თავისი დიდი ინსტიტუციონალური მეხსიერება, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. ამიტომ, საირმე უნდა გახდეს ბაღდათის განვითარების მამოძრავებელი ძალა და არის კიდევაც ასეთი. ბაღდათში სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მეღვინეობას და ნელ-ნელა უნდა გავაძლიეროთ ეს ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

გიორგი გახარიამ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სისტემური ინფრასტრუქტურა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს სხვაობა ელემენტარულ მოთხოვნილებებში, ადამიანში, რომელიც მაგალითად ცხოვრობს ბაღდათში, ან თბილისში. გზა, წყალი, გაზი, წყალარინება, სანიაღვრე სისტემები - ეს ყველაფერი, ჩვენ, ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ წესრიგში უნდა მოვიყვანოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, რომელიც წლებია უკვე პრობლემაა, დაიწყო და უახლოეს პერიოდში ეს გზა არა 6 თვე, მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და იფუქნციონირებს და იქნება თანამედროვე გზა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაგრძელდება სკოლების, საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია და სისტემურ რეფორმა განათლებაში, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ბაღდათში ან თბილისში სხვაობა ვერ უნდა იგრძნოს თავისი შვილების განათლების მიღების ნაწილში, ისევე როგორც აქამდე გვყავდა ყურადღების ცენტრში ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და პენსიონერები, ამას გავაგრძელებთ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ადამიანის პენსიის ზრდა არ არის დამოკიდებული საარჩევნო ციკლსა და პოლიტიკურ დაპირებებზე, არამედ, საკანონმდებლო დონეზე და უკვე დაფიქსირებულია კანონში, რომ ყოველწლიურად პენსია გაიზრდება, ეკონომიკური ზრდის თანაფარდობით. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადამიანი - ბავშვები და მოხუცები, მასწავლებელი, პოლიციელი, ექიმები, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარისკაცები. ეს ის ხალხია, რომელთაც ყოველთვის ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო და ხვალინდელი დღე დგას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, ძლიერი და ევროპული სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ამ მშენებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება 31 ოქტომბერი, როდესაც ჩვენ ყველამ წყნარად, მშვიდად, თავისუფალ გარემოში უნდა გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი. საბოლოო ჯამში, ეს არ იქნება ცალკე აღებული რომელიმე პარტიის გამარჯვება, ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ, ბაღდათელებო“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.