21-09-2020
ჭიათურა უმნიშვნელოვანესი ქალაქია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჭიათურა არის მრეწველობის ფუძე და ეს არ მომხდარა გუშინ და გუშინწინ, ეს მოხდა მაშინ, როდესაც 1879 წელს და მას შემდეგ თითქმის 200 წელი გავიდა, აქ მანგანუმის საბადო აღმოაჩინეს. მას შემდგომ ჭიათურა საქართველოში ბევრ რამეში იყო ჩემპიონი. აქ იყო პირველი საბაგირო, პირველი სპორტული კორტები და კიდევ ბევრი რამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენაზე, ჭიათურაში განაცხადა.
პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, თანაც ისე, რომ ადამიანის შრომის უსაფრთხოება იყოს დაცული და ეკოლოგიასაც ყურადღება უნდა მიექცეს.
მისივე თქმით, საჭიროა ბალანსი ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერასა და შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვას შორის.
„ეს ყველაფერი კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, გავამდიდროთ და წინ წავიყვანოთ, თუმცა ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანის შრომის უსაფრთხოება იყოს დაცული და ეკოლოგიასაც უნდა მივხედოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი 1 და 2 დღეში ვერ მოხერხდება. ძალიან კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც აქ ჩამოსვლა, ბიზნეს-საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა და მანგანუმის მოპოვების ტექნოლოგიებში გარკვევა მომიწია, მაშინ სიტუაცია მძიმე იყო. დღეს ცოტა უკეთესია, ბევრი რამ შეიცვალა. არ მინდა დეტალებში შევიდე, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა ბალანსის დაცვა ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერას, რაც სამუშაო ადგილებს ნიშნავს და იმას შორის, რომ არ მივაყენოთ ზიანი ჩვენს ბუნებას და რა თქმა უნდა შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესები დავიცვათ, რომ ეს ზიანი არ იყოს შეუქცევადი და დაუძლეველი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად იმისთვის, რომ ეს ბალანსი ვიპოვოთ. ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი და მისგან მიღებული სხვადასხვა პროდუქტი დღეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია და რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, მანგანუმი აქ ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სოფლის მეურნეობაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭიათურაში შესანიშნავი ჩაი მოდის და ის შესაძლებლობები, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით ადამიანებს აძლევს, აქ სულ უფრო და უფრო უნდა გამოვიყენოთ,”- აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთობლივი ძალებით.
მისივე თქმით, ხელისუფლების ზრუნვის ძირითადი საგანი, ძირითადი მიზანი უნდა იყოს ადამიანი.
„გარდა ამისა, უნდა ვიზრუნოთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე - რა თქმა უნდა გზები, წყალმომარაგება. ასე თუ ისე ჭიათურის ქალაქის წყალმომარაგება დღეს 24-საათიანი არის, დარჩენილია რამდენიმე უბანი, კორპუსი, რომლებიც მოგვარდება რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში, თუმცა მოუგვარებელი რჩება სოფლების წყალმომარაგება და ესეც მისახედია. შემდეგ უკვე საფიქრალია და დასაწყებია უკვე მუშაობა ჭიათურის წყალარინების სისტემაზე, რადგან ჭიათურა ქალაქური სტილით მცხოვრები ქალაქია და წყალარინების ნორმალური სისტემა აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი, ძირითადი მიზანი უნდა იყოს ადამიანი, ჩვენი ახალგაზრდა თაობა - მათი განათლება, ჩვენი მოხუცები - მათი პენსიები, მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები და ჯარისკაცები. მათზე უნდა ვიზრუნოთ რადგან ეს ის ხალხია, რომლებმაც უნდა იზრუნონ ჩვენს მოქალაქეებზე და მოემსახურონ მათ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ ბევრი გამარჯვება და ამ გამარჯვებების ნაწილი, ერთ-ერთი ნაწილი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნები, რომელშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში, სამართლიან გამარჯვებას გისურვებთ ჭიათურელებო,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.