21-09-2020
აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში არსებული ეპიდ-სიტუაცია.
შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 24 საათიან რეჟიმში ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართავს პანდემიის გავრცელების რისკებს.
,,მინდა აღვნიშნო, რომ არ გვაქვს მოდუნების საფუძველი და მნიშვნელოვანია ყველა არსებული წესის დაცვა, რაც მოგვცემს საშუალებას საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა. სიტუაცია არის მართვადი. ხდება კონტაქტების მიდევნება, ლაბორატორიული ნიმუშების აღება, რაც გვაძლევს საშუალებას გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტურად“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რეგიონში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ტესტირება. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება 4000-მდე ლაბორატორიული ნიმუშის აღება და დამუშავება. გაფართოვდა კლინიკების რაოდენობა. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება და მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.