22-09-2020
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ბრალდებებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
ნიკოლოზ ანთიძე: „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებზე არაერთი განმარტება გამიკეთებია. არასდროს უარმიყვია არსებული პრობლემები და ისინი არც გამარტივებულად წარმომიჩენია. განვითარებულ პრობლემაზე ჩემი წილობრივი პასუხისმგებლობის აღების კვალდაკვალ, 5 თვის განმავლობაში მედია საინფორმაციო ველზე მყარად დავრჩი მოზომილი განმარტებების პოზიციაში და ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო ცილისწამებებისთვის საპასუხო ბრალდებებით არ მიპასუხია. სამომავლოდ მიმდინარე პროცესების გამჭვირვალედ წარმოჩენისთვის დღესაც ვადასტურებ სრულ მზაობას. (ამ მიზნით უახლოეს დღეებში ჩემი უწყება ახალ საჯარო ინფორმაციას გაავრცელებს სამნასტრო კომპლექსზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით).
აქვე მსურს ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო, რომ საზოგადოებისა და პროფესიული წრეების უმეტესი ნაწილიდან არგუმენტირებული კრიტიკა და კამათი არასდროს მიმიღია შეურაცხყოფად. მაგრამ ვფიქრობთ დადგა მომენტი, როდესაც ცილისწამების შინაარსი და მითუფრო მისი ავტორის პიროვნული „ღვაწლი“ მაძლევს თმენის ვალდებულებებიდან ნაწილობრივი გადახვევის უფლებასა და სათქმელის ღიად წარმოჩენის საშუალებას.
ძალზე დასანანია, როდესაც გელათის პრობლემური საკითხი, რომელიც თავისთავად რთულ გამოწვევას წარმოადგენს მთელი პროფესიული საზოგადოებისათვის, პოლიტიკურად მოტივირებული ბატონი ვაჩეიშვილისთვის ვიწროპარტიული ინტერესების გამართლების იარაღი აღმოჩნდა. ღიად თუ ფარულად. ფაქტების დამახინჯებით. მთავარია, მეთოდი ამართლებდეს მიზანს - შეილახოს ძეგლთა დაცვის ინსტუტუციის რეპუტაცია, თუნდაც ქმედება სცდებოდეს კოლეგიალობის ნორმებს, კონსტრუქციულ კრიტიკას!
პოლიტკონიუნქტურის საფარქვეშ კრიტიკაც გასაგები და მისაღები იქნებოდა, რომ არა ბატონი ვაჩეიშვილის მოღვაწეობის წარუმატებელი მომენტების სიმრავლე. წარუმატებლობებისა, რომელთა ნეგატიურმა შინაარსმა ქვეყანას მემკვიდრეობად ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგები დაუტოვა. ჩამონათვალი ერთი ნაწილია სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის „მოღვაწეობისა“, რომელიც ვფიქრობ მკითხველს ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მის „სახელოვან“ წარსულზე.
• მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლის დამცავ ზონებში განხორციელებული ქაოტური და არათანმიმდევრული მშენებელობების, 2006-2007 წწ-ში არქეოლოგიურ დამცავ ზონაში მოქცეული 80 ერთეული მიწების გასხვისებისა და 2012 წელს მათი სამშენებლოდ გამოყენების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემცირების შედეგად, მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი 2009 წელს ჯერ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში მოექცა და 2016 წლამდე იდგა გაირიცხვის საფრთხის წინაშე.
• მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე, მცხეთის დამცავ ზონებში 2012 წლამდე ჩადენილი გადაცდომების გამოსასწორებლად, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციისა და დამცავი ზონების კორექტირების პროექტის მომზადებამდე, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა მცხეთისთვის დაეწესებინა მორატორიუმის რეჟიმი. უკანონოდ გასხვისებული მიწების დასაბრუნებლად, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახალი მიწათმესაკუთრეების ფულადი კომპენსირების საკითხი!!!
• სააგენტოში ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის შენობა 1 ლარად გასხვისდა, რამაც მუზეუმის ფონდები განადგურების საშიშროების წინაშე დააყენა.
• მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ მიღებული გამაფრთხილებელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ბაგრატის ტაძარზე სახელმწიფოს მიერ მაინც გაგძელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რამაც ბაგრატის კათედრალი და მასთან ერთად გელათის მონასტერი 2012 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა. ქვეყნისთვის სავალალოდ დასრულებული სარეკონტრუქციო პროექტისთვის სააგენტოს იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა დიდი ოდენობის ფულადი პრემიაც მიიღო.
• დარგის მესვეურების თავსატეხი გახდა 2010-2012 წლებში გრემის მთავარანგელოზის კომპლექსზე განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში გადახურვის კრამიტით მოწყობის სარესტავრაციო ხარვეზების შედეგები, რის გამოც ტაძარში ნალექი მოკლე დროის მანძილზე აქტიურად ჩაედინებოდა. დღეს კი უწყება იძულებულია 9 წლის წინანადელ ხარვეზებზე დამატებითი საბიუჯეტო სახსრები გაიღოს!!
• არასრულფასოვანი პროცესების „დამსახურებით“ წყლის ინფილტრაციის პრობლემები გამოავლინდა ატენის, ყინწვისის, ტიმოთესუბნისა და ფიტარეთის ტაძრებს, სადაც სახელმწიფო განმეორებით სარესტავრაციო ჩარევებს ახორციელებს.
• ჯეროვანი ყურადღების გარეშე იყო დატოვებული მაღალმთიანი სოფლების არქიტექტურული კომპლექსები, რომელთაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეგრესი განიცადეს.
• ყურადღების გარეშე დარჩა ე.წ. კლდის ძეგლებიც (ვარძია, უფლიციხე; ვანის ქვაბები; დავით გარეჯის კომპლექსი), რომელთა ჰიდროგეოლოგიურმა დეგრადაციამ და გადაუდებელმა მოთხოვნილებებმა ძეგლთა დაცვითი უწყება უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დააყენა.
• წლების განმავლობაში ყურადღების მიღმა აღმოჩნდა არქეოლოგიური კვლევა-ძიების მიმართულება
• ძეგლთა დაცვითი ინსტიტუციის ისტორიული შენობის დიდი ნაწილი დაუსაბუთებლად გადაეცა სხვა ორგანიზაციას, რის შედეგადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციული შენობის გარეშეა დარჩენილი და იჯარით აღებულ სივრცეშია განთავსებული.
• სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ ნაკრძალებში მართვის ადმინისტრირების დახვეწის შედეგად მიღებული შემოსავლების მკვეთრმა მატებამ გამოავლინა 2013 წლის ჩათვლით სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მმართველობითი ხარვეზების არსებობა, რაც თავის მხრივ საფუძვლიან ეჭვებს ბადებს ადმინისტრირების კეთილსინდისირებასთან დაკავშირებით.
ბატონი ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობისას გამოვლენილი მმართველობითი ხარვეზების არასრული ჩამონათვალი, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის მთელი რიგი მიმართულებები წლების განმავლობაში ჩიხში შეიყვანა, მის ამჟამინდელ პოზიციას ცალსახად პოლიტანგაჟირებულად აჩენს და საფუძვლიანად მაეჭვებს მის ობიექტურობაში. ცხადია, მისი მოღვაწეობის წარუმატებლობები სააგენტოს არ უხსნის დარგის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას და არ უგულვებელყოფს გამოწვების რთულს სპექტრს, რომელთანაც გამკლავება საზოგადოების ფართო წრეების თანამონაწილეობისა და ჯანსაღი, ვიმეორებ ჯანსაღი და ობიექტური კრიტიკის გარეშე წარმოუდგენელია“ - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.