24-09-2020
„საქართველოს მომავალი სიძლიერე და ეკონომიკური კეთილდღეობა ზღვას უკავშირდება. საქართველო ზრუნავს საკუთარი საზღვაო დარგის მდგრად განვითარებაზე და ამასთან, საქართველოს, როგორც IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია) წევრ ქვეყანას თავისი კონტრიბუცია შეაქვს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში. საქართველო იყო ერთ-ერთი 14 საზღვაო ქვეყანას შორის, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და მეზღვაურებს, როგორც საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ნაოსნობის ძირითად მამოძრავებელ ძალას, მხარდაჭერა გამოუცხადა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ქვეყნის საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო საზღვაო დღე მიულოცა.
მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, თუ რამდენად დიდია საზღვაო გადაზიდვების და ამ დარგში მომუშავე პირების მნიშვნელობა კაცობრიობის მდგრადი მომავლის შექმნისთვის.
„საქართველოში 14,000-მდე რეგისტრირებული მეზღვაურია. თითოეული მეზღვაურის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდია: ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკაში ნაღდი ფულის სახით დაახლოებით 500 მილიონი ლარი შემოაქვთ და ამ თვალსაზრისით ქართული ეკონომიკის მდგრადობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიან. 2019 წლის მონაცემებით საქართველო მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის ქვეყნების გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით. 2015 წელთან შედარებით კი ბოლო წლებში ევროპული დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების კუთხით დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვაქვს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის წყალობით, საქართველოს საზღვაო სექტორი ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. მსოფლიოს 53 ქვეყნიდან, რომელიც ქართულ სერტიფიკატებს აღიარებს, 19 ევროკავშირის წევრია.
„თანამედროვე მიდგომების, უპრეცენდენტო ორგანიზებულობისა და კოორდინაციის წყალობით საქართველოს პორტები დღეს უწყვეტ რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობენ და ქვეყნის მომარაგებასა და მთლიანად რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში სრულფასოვნად არიან ჩართულნი. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე,“ - განაცხადა მინისტრმა.