გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 600 ათას ლარად ჩაის პლანტაციას გააშენებს

20-11-2017

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2018 წელს, 20 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის გაშენებას აპირებს. აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მამუკა თურმანიძის განმარტებით, ჩაის გაშენების მიზანი არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩაიზე მოთხოვნა იზრდება.

„აჭარაში არსებობს ცალკეული მიკროკლიმატური ზონები, სადაც ყველაზე ოპტიმალური ჩაის კულტურის განვითარებაა, რადგან ნიადაგური საფარველისა და სხვა კლიმატური პარამეტრების გამო სხვა კულტურების განვითარება შეუძლებელია.

გარდა ამისა, ბოლო კვლევებით, ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით იზრდება, შესაბამისად, წარმოებაც იზრდება და ეს მიმართულება რეგიონისთვის საინტერესოა. შესაბამისად, მისი ხელყოფა და უარის თქმა, შეუძლებელია“.

მამუკა თურმანიძის თქმით, სამინისტროს მიაჩნია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, სადაც ჩაი გაშენდება,  სამეცნიერო მიღწევები და ტრადიციები შენარჩუნდება, რაც ახალი ჯიშების გამოყვანის მიმართულებით სელექციური თვალსაზრისით მიაღწიეს.

„ეს ჯიშები რომ არ დაიკარგოს, ისინი მოხვდება ამ კონკრეტულ ლოკაციებზე“ – გვეუბნება ის.

მამუკა თურმანიძის თქმით, იყო დრო, როცა საქართველოს მსოფლიო ბაზარზე მეხუთე და მეექვსე პოზიცია ეჭირა ჩაის წარმოებაში.

ჩაის პლანტაცია, თურმანიძის თქმით, სავარაუდოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაშენდება. ის ტერიტორიები, სადაც წლების განმავლობაში იყო ჩაის კულტურა გაშენებული, თურმანიძის თქმით, ახალი ჯიშების გასაშენებლად გამოუსადეგარია, რადგან ბევრჯერ მოხდა ამ ტერიტორიების გადაწვა, ამიტომ ეს პლანტაციები აღდგენას არ ექვემდებარება.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში პლანტაცია იქნება სახელმწიფოს მართვაში, შემდეგ კი სამინისტრო კონკურსის წესით პლანტაციას მოიჯარეებზე გასცემს. „შეირჩევა სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივები, რომლებზეც მოხდება შესაბამისი კრიტერიუმებით პლანტაციის გადაცემა. ან შესაძლებელია ფრაგმენტებად დაიყოს და ისე გადაეცეს კოოპერატივებს. შორეულ პერსპექტივაში გვინდა, რომ ამ ნაკვეთს ჩაის გადამამუშავებელი პატარა ფაბრიკაც მიებას. ეს იდეის დონეზეა  და 2019 წლისთვის ზუსტად გვეცოდინება ამ ფაბრიკას სახელწმიფო გააკეთებს, დონორი თუ კოოპერატივები“ – გვეუბნება მამუკა თურმანიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აღმოჩნდება ისე, რომ სახელმწიფო ამაში ფულს დახარჯავს, შემდეგ კი ამ ბიზნესის განვითარების მსურველი არ აღმოჩნდება? , მამუკა თურმანიძე ამბობს: „სოფლის მეურნეობა არის გრძელვადიანი პროცესი, იმისათვის, რომ  ნებისმიერმა კოოპერატივმა  თუ ბიზნეს სუბიექტმა დღეს  ინვესტივია განახორციელოს, მოგებას რამდენიმე წელი უნდა ელოდოს. შესაბამისად, ეს მათთვის მიმზიდველი არ არის. გამომდინარე იქედან , რომ მსოფლიო დინამიკა აჩვენებს ჩაიზე მოთხოვნას, ჩვენი მთავარი მიზანია, მოხდეს დარგში ბიძგის მიცემა“.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები ძირითადად თანადაფინანსებით ხორციელდება, „მოცვი, კაკალი, ციტრუსი, ხეხილი, თხილი მათ შორის არის თანადაფინანსებით. ჩაიც დაემატება ამ პროგრამას. თუ გვაქვს ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში, ესეც არის მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობა.

ჩაის ნერგს ვერ დავარიგებთ, რადგან მისი გაშენება და მექანიზაციის ქვეშ მოყვანა სპეციფიკურ განათლებას და უნარებს მოითხოვს“.

მამუკა თურმანიძის თქმით, მთავარი ორიენტირი ხარისხიანი ჩაის მიღება იქნება, „1 კილოგრამი გადამუშავენული პროდუქცია 40-50 ლარი რომ ღირდეს, სრული ტექნოლოგიების დაცვით უნდა მოხდეს მისი მოყვანა“.

2018 წლის ბიუჯეტში ჩაის პლანტაციის გაშნებისთვის 600 ათასი ლარი გამოიყოფა.


წყარო: "გაზეთი "ბათუმელები"