გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თბილისსა და რეგიონებში ცხოველთა უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს

27-09-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია. ახალი კორონავირუსით (COVID-19) შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისათვის დადგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება (28 სექტემბერი ცნობილი მიკრობიოლოგის, ცოფის ვაქცინის შემქმნელის ლუი პასტერის გარდაცვალების დღეა). მისი მიზანია ცხოველებში ცოფით დაავადების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა. საქართველო აღნიშნულ ინიციატივას 2013 წლიდან შეუერთდა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიურად აღინიშნება.

სააგენტოს ვეტერინარები ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებენ შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაციას; მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას საშიში ინფექციური დაავადებისა და მისი პრევენციის შესახებ.

ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ხოლო ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინფექციის კერაში იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ.

მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია 210 000 ცხოველი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები 2012 წელთან შედარებით 63%-ით არის შემცირებული.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს და, საჭიროების შემთხვევაში, ყველა მსურველს შეუძლია, დაუკავშირდეს სააგენტოს რეგიონულ და რაიონულ ოფისებს.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება. ცოფთან ბრძოლის გლობალური ალიანსის მონაცემებით, ცოფისაგან ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია, რათა დავიცვათ ადამიანებისა და მისი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე.