28-09-2020
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
2020 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ.
უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გენერალ-მაიორ გენო ადამიას შვილებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცა.
გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, მოგვიანებით კი გენერალ-მაიორი გახდა. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.