გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე: დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა

29-09-2020

კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების“ შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.

ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) , რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების“ წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და დაწყებულია გამოძიება.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები.

კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს ისტორიულ მინიმუმზე.

ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა"- განაცხადა მდინარაძემ.