1-10-2020
საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისიის ფარგლებში საუბარი აუცილებლად გაგრძელდება; რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჩნდა მყარი არგუმენტები, რომლებითაც ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ორმხრივად მისაღებ ფორმებსა და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც.
„განვიხილეთ გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, რომელიც მემკვიდრეობით, აგერ, უკვე 25 წელია მოგვდევს და ვერ გადაწყდა ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით. ბუნებრივია, შევეცადე ვყოფილიყავი ძალიან ზუსტი შეფასებებში და ეს საკითხი არ ყოფილიყო გამოყენებული შემდგომი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე, სენსიტიური საკითხია ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამიტომ, პრესკონფერენციაზე ჩემ მიერ გაჟღერებული თემატიკა ეხებოდა საქართველოს მზაობას, დაუყოვნებლივ განახლდეს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში. კომისია მთლიანად ახალი შემადგენლობისაა და ჩვენ მზად ვიყავით, ახალი რაუნდები ჩაგვეტარებინა, მაგრამ პანდემიამ არ მოგვცა ამის საშუალება. ამის მიუხედავად, კომისიაში ჩართული ყველა უწყება ყოველდღიურად მუშაობდა იმისთვის, რომ გაგვეანალიზებინა, სად ვართ, რა მოცემულობა გვაქვს და რა დამხმარე საშუალებები გვჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავიმყაროთ პოზიციები. მოვიძიეთ უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის, კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები. მე პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მივიღეთ დეზინფორმაციის ნიაღვარი ოპოზიციური პარტიების მხრიდან პირადად ჩემ მიმართ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან მე ვმოქმედებდი, როგორც სახელმწიფო მოხელე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ეს გამოიყენეს თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და მოახდინეს ამ ძალიან დელიკატური, მნიშვნელოვანი პროცესის პოლიტიზება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის წარმოქმნას წინ უსწრებდა მისი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან და ოპონენტებმა ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებაც სცადეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხოლო ისინი მოქმედებენ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ მერწმუნეთ, კომისიის ფარგლებში საუბარი აუცილებლად გაგრძელდება. კომისიებმა ეს უნდა შეათანხმონ. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჩნდა ჩვენი მყარი არგუმენტები, რომლებითაც ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც პრესკონფერენციის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ვიხილე, არის ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება უაღრესად მგრძნობიარე საკითხის მიმართ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.