გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროკავშირი საინფორმაციო კამპანიას - „ჩემი სოფელი“ იწყებს

1-10-2020

სოფლის განვითარება საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას, ტურიზმისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ევროკავშირი ამ პოტენციალის განვითარებაში საქართველოს 2013 წლიდან ENPARD პროგრამით ეხმარება. ეს დახმარება მოიცავს მთავრობის მხარდაჭერას უკეთესი პოლიტიკის შემუშავებისა და სექტორის მოდერნიზაციისთვის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობას რეგიონებში ეკონომიკური უნარ-ჩვევების ამაღლების კუთხით. თუმცა, სოფლის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაა.

სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, ევროკავშირი საქართველოში, პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს ქვემოდან-ზემოთ მიმართულ, ანუ თემზე დაფუძნებულ სოფლის განვითარების პროცესს. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), რომლებიც აერთიანებენ ადგილობრივ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს, რათა მათ ერთად შეიმუშაონ გადაწყვეტილებები საკუთარი სოფლისა თუ თემის გასაძლიერებლად. ჩვენი დახმარებით LAG-ები უკვე 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ შეძლეს თემის მობილიზება და წამოიწყეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტები სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ევროკავშირმა საქართველოში 500-ზე მეტი ასეთი ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელის, 1 000-ზე მეტ ოჯახს უკეთესს დასაქმების საშალებას აძლევს და 10 000-ზე მეტ სოფლად მოსახლეს ცხოვრების პირობებს უუმჯობესებს“ - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

„მე მჯერა ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა და სოფლის განვითარების თემზე დაფუძნებული მიდგომის სარგებლიანობისა. საქართველოში LAG-ები ადგილობრივი მოსახლეობის ნიჭსა და მეწარმეობის უნარს ფართო შესაძლებლობებს აძლევენ. ადგილობრივი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შეფასება ადგილობრივებს ყველაზე კარგად შეუძლიათ. ჩვენი მუშაობის უდიდესი მიღწევა, სწორედ იმის დანახვაა, თუ როგორი მოტივაციით, ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან ადგილობრივები საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში და არ დასჭირდეთ უკეთესი საარსებო წყაროსთვის სხვაგან გადასახლება“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

„მიმდინარე კვირას, ვიწყებთ კამპანიას, რათა მოგიყვეთ თემზე დაფუძნებული განვითარების ინიციატივების შესახებ. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაგაცნობთ ზოგიერთი LAG-ის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლის წარმატების ისტორიას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გაჩვენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა განვითარების პერსპექტივას ფართოდ განიხილავს და ეკონომიკურ აღმავლობას არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ მეწარმეობის, ტურიზმის, მომსახურებისა და სხვა ადგილობრივი ინიციატივების საშუალებით აღწევს“ - ნაქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.