8-03-2018
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ ქალებს მიულოცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ირაკლი ტაბაღუამ, დილიდან მოადგილეებთან, დავით კეკელიძესა და ბესიკ ტოგონიძესთან, ასევე საკრებულოს დეპუტატ ამირან ჯანჯღავასთან ერთად, ქალაქის ქუჩები ფეხით მოიარა და შემხვედრ ქალებს, მათ შორის დასუფთავების თანამშრომლებს, თაიგულები აჩუქა.
ქალთა საერთაშორისო დღეს, რუსთავში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის ფოიეში 14:00 საათზე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სახელწოდებით - „რუსთაველია და გავიცნოთ“ გაიხსნება. გამოფენაზე 12 ქალის მიერ შექმნილი ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები, აქსესუარები და სამკაულები იქნება წარმოდგენილი.
16:00 საათზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „კაცები“ გაიმართება. სპექტაკლზე დასასწრებად, რუსთავის მერიამ სხვადასხვა პროფესიის ქალები მიიწვია. რამდენიმე მათგანს კი, რომლებიც ქალაქში ტაქსის მძღოლად მუშაობენ: ცისმარი გიგაურს, მარიამ წერეთელს და მარინე იმნაძეს რუსთავის მერმა სპექტაკლის ბილეთები პირადად გადასცა.
დღეს რუსთაველი ქალბატონებისათვის 8 მარტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით ტარდება.
"ინტერპრესნიუსი"