8-03-2018
ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“ დღეს მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი მათი და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება.
ფორუმში 300 პირი მონაწილეობს. მათ შორის 180 მეწარმე ქალია საქართველოს ყველა რეგიონიდან. ასვე მასში სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც ქალთა მეწარმეობის განვითარებას უწყობენ ხელს. ღონისძიებაზე მეწარმე ქალებს საშუალება ექნებათ ახალი საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. ფორუმის მონაწილეები წარმატებულ მაგალითებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
ბიზნეს-ფორუმის ერთობლივი ორგანიზების თაობაზე, 2018 წლის 8 თებერვალს, 8 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფორუმის ფასილიტატორია: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP), ღონისძიების თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (MOFEA), ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ABWA), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა (CCRG) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
ბიზნეს-ფორუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გახსნის. მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგებიან: აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი თანაზ შავაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე. ფორუმის ფარგლებში გაიმართება იმ სახელმწიფო სერვისების პრეზენტაციებიც, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება. ასევე, კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეებში წარმოდგენილი იქნება ფინანსურ შესაძლებლობები და სერვისები ქალი მეწარმეებისთვის.
მსგავსი ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და მათ შორის ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობა; ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის დამხმარე კერძო და საჯარო სერვისებისა და ბიზნესპროდუქტების და საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესაქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად.
"ინტერპრესნიუსი"