გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში სახიფათო ინტერნეტთამაშების 5 შემთხვევა დაფიქსირდა - ქარცივაძე

8-03-2018

„ბოლო ერთ წელში, აჭარაში, ბავშვების მიერ სახიფათო ინტერნეტთამაშების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. რომ არ ჩავრეულიყავით, შეიძლება იმ შედეგებამდე მივსულიყავით, რა შედეგსაც მსგავსი ტიპის თამაშები იძლევა“, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ აჭარის ტელევიზიასთან საუბარში.

მისივე თქმით, ბავშვებმა სოციალურ მუშაკებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ინტერნეტთამაშით მხოლოდ ერთობოდნენ და სახიფათო შედეგამდე არ მივიდოდნენ.

ხელვაჩაურში მცხოვრები 17 წლის მოზარდი, რომელმაც სამი თვის წინ თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოზარდი ამბობს, რომ ინტერნეტთამაშით თანატოლებთან ერთად დაინტერესდა და მასში ჩაერთო კიდეც, თუმცა ირწმუნება, რომ სასიკვდილო ტურამდე ეტაპები არ გაუვლია და თვითმკვლელობის მცდელობა უშუალოდ ინტერნეტთამაშს არ უკავშირდება.

„აზარტულად ვიყავი განწყობილი. საშიში თამაშები მიზიდავდა, მაგრამ ერთი წლის წინ, რაც პოლიციაში მქონდა საქმე, მას მერე აღარ მქონია შეხება „ლურჯ ვეშაპთან“ და სხვა თამაშებთან“, - ამბობს არასრულწლოვანი.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოზარდმა სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან გასროლით მიიყენა.

ქობულეთში დღემდე ეძებენ 17 წლის გოგი დოლიძეს, რომელიც 2017 წლის 7 დეკემბერს გაუჩინარდა. ოჯახი ვარაუდობდა, რომ მოზარდის გაუჩინარება შესაძლოა ინტერნეტთამაშთან იყოს დაკავშირებული, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ პოლიციამ ეს ვერსია შეისწავლა და „ლურჯვეშაპთან“ კავშირი ვერ დაადასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად, ქართულ ონლაინ სივრცეში „ლურჯი ვეშაპის“ გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა. სამინისტრომ ამ საკითხზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია 12 წლის გოგონას შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ამ თამაშში იყო ჩართული და თვითმკვლელობის მიზნით მე-5 სართულიდან გადახტა. რამდენიმე თვის შემდეგ, თბილისში, 14 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადახტა და დაიღუპა. მოზარდის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ ბავშვის თვითმკვლელობა ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდება.

2018 წლის 5 მარტს, დიღმის მასივში, მე-8 სართულიდან 16 წლის მოზარდი გადახტა. ბავშვი გადარჩა და ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მე-10 კლასის მოსწავლე „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია. მოზარდს, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე მთავარ ფოტოდ „ლურჯი ვეშაპის“ გამოსახულება აქვს განთავსებული. ბავშვის დაამბობს, რომ როგორც გაარკვიეს, ინტერნეტთამაშის ერთ-ერთი ბოლო დავალება ხელების დასერვაა და მის ძმას ეს დავალება შესრულებული ჰქონდა. მისივე თქმით, თამაშის მეთაური მოზარდს მცირეწლოვანი ძმის მოკვლით ემუქრებოდა თუ ბოლო დავალებას არ შეასრულებდა - ბავშვს თავი უნდა მოეკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის კავშირს „ლურჯ ვეშაპთან“ ამ შემთხვევაშიც უარყოფს.

7 მარტს, თბილისში, თემქის დასახლებაში მცხოვრები 14 წლის გოგონა მე-6 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

reginfo.ge