გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ ვერავინ შეაჩერებს

18-10-2020

„ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს არის საზოგადოების ხელში, ვისაც სჯერა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების და სამართლიანი სახელმწიფოსი. თქვენი გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. მჯერა, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და იმ პროექტებსა და სამუშაოზე ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელდა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

„ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს, სადაც ადამიანის ღირსება, უფლებები და საკუთრება არის დაცული. ვაშენებდით სახელმწიფოს, სადაც ჯანდაცვა არ არის მხოლოდ მდიდარი და შემოსავლიანი ადამიანების პრივილეგია, ავაშენეთ სამჯერ მეტი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ათასობით სამუშაო ადგილი მოიტანა, რაც მთავარია, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო, კიდევ უფრო ახლოს მივიყვანეთ ევროკავშირთან და ნატოსთან. დღეს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული არჩევნებით, რომელიც ჩვენს მიერ მიღებული ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციით არის გარანტირებული, გადავდგათ კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. უფრო ძლიერი დემოკრატია ნიშნავს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო მეტ ნდობას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ. აქ არის ჩვენი დიდებული ისტორია, მაგრამ ჩვენს წინაშე არის მომავალიც. ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს არის ჩვენს ხელში, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის ხელში, ვისაც სჯერა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების და სამართლიანი სახელმწიფოსი. სწორედ ასეთი ადამიანები ბრძანდებით თქვენ, ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და თქვენი გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. მჯერა, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან პარლამენტში სამეგრელოს წარმომადგენელ დეპუტატებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

„მსურს მხარი დავუჭირო ირაკლი ჩიქოვანს, ახალგაზრდა, პროგრესულ, განათლებულ ადამიანს, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და მისთვის ღირსება და პატივია, ემსახუროს თავის ქვეყანას. ის არის თქვენი კუთხის და თქვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი, ვფიქრობ, ის იმსახურებს შესაძლებლობას და შანსს, რომ გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი და საკანონმდებლო ორგანოდან ემსახუროს თავის ქვეყანას“,-მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძე შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო იდგება ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად მანამ, სანამ კორონავირუსი არ დამარცხდება.