გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი ადამიანია

18-10-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ ფოთში, საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,იყო ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. მაქსიმალურად ვიქნები ყველა იმ პროექტის, პროგრამის ინიციატორი და განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული, რომელიც ფოთის, ხობის და სენაკის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად ოთხი წლის მუშაობის შემდეგ უფრო მეტად განვითარებულ და გალამაზებულ მუნიციპალიტეტებს მივიღებთ. ძალ-ღონეს არ დავიშურებ ყველა იმ პროექტის განხორციელებისთვის , რაც ფოთელების, ხობელების და სენაკელების წინსვლასა და წარმატებას უზრუნველყოფს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა. ავაშენეთ სასწრაფო დახმარების ახალი შენობა, ქალაქს გადმოეცა რეანომობილი, გაიხსნა სამშობიარო სახლი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემოსასვლელ ხიდს, მალე გაიხსნება ფოთის საზღვაო აკადემია, რომელიც სტუდენტებს მომავალი წლიდან მიიღებს. აშენდა ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და ბავშვთა საფეხბურთო აკადემია.

ფოთში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი მალე გაიხსნება. ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და კუნძულის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. მიმდინარეობს ქალაქში არსებული კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფონდ “ქართუს”. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და კიდევ მეტს გავაკეთებთ დევნილი მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად, თავიანთ მხარეში დაბრუნებამდე.

მიუხედავად დიდი პროგრესისა, ფოთი არა ერთი გამოწვევის წინაშე დგას - 2 მთავარი პრობლემა რაც დღეს ქალაქს აწუხებს, ეს არის წყალმომარაგების სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა. თუმცა ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვპირდებით მოქალაქეებს რომ აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება.

და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ფოთისა და გურიის მაცხოვრებლებს, რომლებსაც ოთხი წელი ვემსახურე, მე დღეს ბედნიერი ვარ რომ ამ საზოგადოების წინაშე პირნათელი გახლავართ. არაფერია იმაზე სასიხარულო, ვიდრე მოქალაქეებისგან წამოსული სითბო და სიყვარული, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ ჩემი ამომრჩევლისგან. ჩვენი გუნდის, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ” მთავარი საზრუნავი ადამიანია, ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნდა და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად. ერთად საქართველოს წარმატებისთვის”- განაცხადა ხახუბიამ.