გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: პარტიები, რომლებიც იქცევიან უპასუხისმგებლოდ და დეზინფორმაციის და ტალახის სროლის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, არ იმსახურებენ ადგილს მომავლის პოლიტიკაში

19-10-2020

“თქვენ ამ არჩევნებში გაქვთ საშუალება, აირჩიოთ თქვენი ქვეყნისთვის ყველაზე ეფექტური წარმომადგენლები, გაქვთ ასევე საშუალება, რომ ხმა მისცეთ უფრო სტაბილურ, მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას, ასევე გაქვთ შანსი, რომ პოლიტიკური ველიდან გაიყვანოთ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები, რომელსაც საზოგადოებამ უარი უთხრა 2012 და 2016 წლების არჩევნებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აბაშაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ პარლამენტის მოწვევა და მისი დაკომპლექტება.

„ეს არჩევნები ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო სტაბილური, კიდევ უფრო საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემა ჩამოაყალიბოს იმასთან ერთად, რომ თქვენ ამ არჩევნებში გაქვთ საშუალება, აირჩიოთ თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი ქალაქის და თქვენი სოფლებისთვის ყველაზე ეფექტური წარმომადგენლები, თქვენ გაქვთ ასევე საშუალება, რომ ხმა მისცეთ უფრო სტაბილურ, უფრო მშვიდ და უფრო საქმიან პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას, თქვენ ასევე გაქვთ შანსი, რომ პოლიტიკური ველიდან გაიყვანოთ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები, რომელსაც საზოგადოებამ უარი უთხრა 2012 და 2016 წლების არჩევნებში. რასაკვირველია, დღეს მათ დაბრუნების შესაძლებლობა არც აქვთ, მაგრამ პარტიები, რომლებიც იქცევიან უპასუხისმგებლოდ და დეზინფორმაციის და ტალახის სროლის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, არ იმსახურებენ ადგილს მომავლის პოლიტიკაში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ზუსტად ამ სივრცეს, რომელსაც გამოათავისუფლებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტური სისტემა, დაიკავებს უფრო ჯანსაღი ოპოზიცია. „ქართული ოცნება“ არის მთლიანად ორიენტირებული მომავალზე, აქვს ხედვა, ჰყავს გამოცდილი გუნდი ბატონი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული საპარლამენტო გუნდიც, ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანები, რომელთაც ზურგს კარგი განათლება, წარმატებული გამოცდილება და სამშობლოს სიყვარული უმაგრებს.

პირველ რიგში, მინდა მივმართო საზოგადოებას, ვისაც მომავალი აინტერესებს: ჩვენ მაქსიმალურად ამ არჩევნებით გავხსნით კარს ახალი შესაძლებლობისთვის, მეტ ახალგაზრდას შევუქმნით საშუალებას, რომ ჩაერთოს ბიზნესში, შექმნას საკუთარი შემოსავალი და საკუთარი ოჯახის ეკონომიკა. მეტ ახალგაზრდას მივცემთ საშუალებას, რომ თავისი კარიერა დაიწყოს საჯარო სამსახურში და ამის მაგალითი და მთავარი მხარდამჭერები სწორედ აქ იმყოფებიან, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც უკვე არაერთ ადამიანს, არაერთ ახალგაზრდას, მათ შორის, თქვენს მუნიციპალიტეტში, მიეცა საშუალება, რომ ჩაერთოს პოლიტიკაში და თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს. მე მინდა, მივმართო ხანდაზმულ ადამიანებს, ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წევრებს, რომლებმაც წლების განმავლობაში იშრომეს და საქართველო, ჩვენი კულტურა და მომავლის იმედი და ოპტიმიზმი გადმოსცეს ჩვენს თაობას. თქვენ იმსახურებთ და თქვენ აუცილებლად იცხოვრებთ იმ სახელმწიფოში და იმ საქართველოში, რომელზეც წლების განმავლობაში ოცნებობდით, როდესაც შრომობდით და როდესაც იბრძოდით უკეთესი მომავლისთვის. მინდა, მივმართო ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, მივმართო ქალებს, რომლებიც დღეს აქტიურნი არიან და აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, და უკვე, პოლიტიკაშიც, ჩვენ შევცვალეთ კანონმდებლობა და გავაძლიერეთ გარანტიები, რომ მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკაში, მეტი ქალი ჩაერთოს საკრებულოს საქმიანობაში, ბიზნესში და უფრო წარმომადგენლობითი, უფრო სოლიდური შემადგენლობა ჰყავდეთ პარლამენტში. ნახეთ, რომ საპარლამენტო პროპორციულ სიაში უკვე ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობა თანაბრდება. ამას რატომ აქვს მნიშვნელობა? იმიტომ, რომ თქვენ საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი გქონდათ ყოველთვის და მომავალშიც გამორჩეული ადგილი გექნებათ. რაც მთავარია, იმ დარგის პროფესიონალებს, ვინც აქ იმყოფებით, ექიმებს, ფერმერებს, პედაგოგებს, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულ თანადგომას და გვერდით დგომას ვუცხადებთ ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, ვინც ახლა დგანან პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ბოლომდე, რა შესაძლებლობაც გვექნება, მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ მათ და დავაფასებთ მათ შრომას, ვინაიდან საქართველომ მართლაც შეძლო, სამაგალითო ყოფილიყო პირველი ყველაზე სახიფათო ეპიზოდის დროს, როდესაც ქვეყანაში და მსოფლიოში მაღალი რისკები არსებობდა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

და ბოლოს, მსურს, მხარდაჭერა გამოვთქვა მეც და შევუერთდე პრემიერ-მინისტრის და გენერალური მდივნის სიტყვებს, ბატონ ალექსანდრე მოწერელიას, რომელიც მართლაც გამოცდილი საჯარო მოხელე და პოლიტიკოსი გახლავთ. მას არ დასჭირდება კანონმდებლობის ხელახალი შესწავლა, არ დასჭირდება, რომ გაერკვეს თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ბიუჯეტი ისე, რომ ყველა პრობლემას დაეთმოს იქ ყურადღება, არ დასჭირდება კონტაქტების ხელახლა ძიება ბიზნეს-სექტორთან და სხვადასხვა პროფესიულ წრეებთან. ის ზუსტად ამ გამოცდილებით მოდის უკვე საპარლამენტო პოლიტიკაში და ის შეძლებს ყველაზე სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას ჩვენი საზოგადოების, თქვენი კუთხის პრობლემები. მინდა, მას გამარჯვება ვუსურვო, გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, აბაშას და ერთად საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.