გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია : „ლოქდაუნით“ პირველი ტალღის დროს ადამიანების ჯანმრთელობა გადავარჩინეთ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში პირბადეც კი დეფიციტი იყო

19-10-2020

რაც შეეხება ანტირეკორდებს, ინფიცირების რაოდენობის ზრდას - პირველი დღიდან ვამბობდით, რომ მეორე ტალღა და ინფიცირების რაოდენობის ზრდა იქნება, ამას ვამბობდით, მე ვამბობდი, თქვენთან ერთად, ყოველ დღე და ეს იყო აბსოლუტურად გასაგები პირველი დღიდან - ეს ერთი და მეორე - რატომ მოხდა ასეთი ზრდა, მოხდა იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ როდესაც ვნახეთ, რომ ელემენტარულად, ჯანდაცვის სისტემა, საზოგადოება ბევრად უფრო მეტად არის მზად, ვიდრე პირველი ეტაპის დროს - აი თუნდაც ახლა, თქვენ ყველანი ხართ პირბადეებში - პირველი ტალღის დროს პირბადე იყო ჩვეულებრივი დეფიციტი და ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ის შეეძინათ. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინ მძიმე „ლოქდაუნი“ უნდა გამოგვეცხადებინა იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა გადაგვერჩინა, მათ, სამწუხაროდ, უბრალოდ არჩევანი არ ჰქონდათ. ეს არ ხდებოდა მარტო საქართველოში, ეს ხდებოდა მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც შესაძლებელი იყო 6 თვის განმავლობაში, ყველაფერი გაკეთებულია და დღეს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნების გზით და ეკონომიკურად სწრაფი აღდგენის მიზნით, არ დააწესოს მკაცრი შეზღუდვები და გაზრდილი რაოდენობაც მართოს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მთავრობის წარმატება ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობის მართვა იქნება, „ლოქდაუნისა“ და მძიმე შეზღუდვების დაწესების გარეშე.
„პირბადე იყო საერთოდ, გლობალური დეფიციტი, ისევე როგორც ტესტირების საშუალება იყო უკიდურესად შეზღუდული, სასუნთქი აპარატების რაოდენობა იყო ქვეყანაში უკიდურესად შეზღუდული, სარეანიმაციო საწოლი ადგილების რაოდენობა იყო უკიდურესად შეზღუდული. ეს ყველაფერი, უკვე, ამ 6 თვის განმავლობაში, შედარებით გამოსწორდა და დღეს, ჩვენ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ გავუნადგუროთ მომავალი და მივცეთ შესაძლებლობა, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნების გზით და ეკონომიკურად სწრაფი აღდგენის მიზნით ეს გაზრდილი რაოდენობა ვმართოთ. მინდა, რომ ეს ძალიან კარგად გაიგოთ - მაშინ, პირველი ტალღის დროს, ჩვენი ეფექტურობა იყო, როდესაც ჩვენი რესურსი სწორად შევაფასეთ, ჩვენი ეფექტურობა მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ სწრაფად და ეფექტურად დავაგდებდით მობილობას იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება გეოგრაფიულად და დროში შეგვეზღუდა მაქსიმალურად, რაც გავაკეთეთ. დღეს ჩვენი წარმატება იქნება მაშინ, როდესაც ინფიცირებულების გაზრდილ რაოდენობას ვმართავთ ისე, რომ საბოლოოდ არ მოგვიწევს ეკონომიკის ჩაკეტვა, „ლოქდაუნის გამოცხადება“, მოქალაქეებისთვის საგანგებო მდგომარეობის, მძიმე შეზღუდვების დაწესება, ისეთ პირობებში, როდესაც ეკონომიკურ აღდგენაზე მოგვიწევს ბევრად უფრო მეტი დროის დახარჯვა. სხვაობას ხომ ხედავთ - მაშინ ეს იყო მიზანი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. დღეს მიზანი და სწორი მენეჯმენტი, სწორი ანტიკრიზისული მენეჯმენტი იქნება - როდესაც გაზრდილი ინფიცირების რაოდენობის პირობებშიც ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის მართვას ისე, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, როგორიცაა სიკვდილიანობა, როგორიცაა გადაცემის სიჩქარე და კიდევ სხვა ბევრი პარამეტრი, შევინარჩუნოთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით კარგ და ნორმალურ დონეზე და ამის შესაძლებლობა ჩვენ დღეს გვაქვს, რასაც ვაკეთებთ. ის, რაც შესაძლებელი იყო 6 თვის განმავლობაში, ეს ყველაფერი გაკეთებულია“, - განაცხადა პრემიერმა.