20-11-2017
,,2016 წელს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი ქუჩების ასფალტირების შესყიდვაზე. ტენდერში ვაჭრობის შედეგად შპს „ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენმა“ 392.0 ათასი ლარის, ხოლო შპს „ქროსფოინტმა“ 427.0 ათასი ლარის სატენდერო ფასი დააფიქსირა. დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა არ დააზუსტა ტექნიკური დოკუმენტაცია და იგი დისკვალიფიცირებული იქნა. შემდეგი პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისას, შპს „ქროსფოინტმა“, თავისუფალი ფინანსური რესურსის დამადასტურებელ დოკუმენტად წარმოადგინა სს „ტერაბანკში“ გახსნილი ერთი მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი, თანამსესხებელთან - შპს „ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენთან“ ერთად." - ეს ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომელიც ახლახანს, 7 ნოემბერს გამოქვეყნდა.
აუდიტი ამბობს: ,,შედეგად, არსებობს რისკი იმისა, რომ პრეტენდენტებმა დაარღვიეს საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული აფიდავიტის მოთხოვნები. კერძოდ, კონკურენტებს ეკრძალებათ კომუნიკაცია, შეთანხმება, ან მოლაპარაკება სატენდერო წინადადების ფასისა და წინადადების წარდგენის, ან წარდგენისაგან თავის შეკავების, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობების დეტალების შესახებ. შპს „ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენი“ და შპს „ქროსფოინტი“ მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სავარაუდოდ მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით."
2015-2016 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტში 7.4 ტონა ბენზინი და 8.5 ტონა დიზელი გაიცა განსაზღვრული ლიმიტის გარეშე, გამგეობის მოსამსახურეთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზე. გამოვლინდა, რომ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათებში არ არის მითითებული თუ რა ღონისძიებებისათვის იყო საჭირო 2.2 ტონა ბენზინისა და 2.1 ტონა დიზელის გაცემა.
2015 წელს ქარელის მუნიციპალიტეტმა აღრიცხვის ელექტრონული ტაბელის მოწყობაზე დახარჯა 11.0 ათასი ლარი. აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზანია მოსამსახურეთა შემოსვლა-გასვლის კონტროლი, ასევე მოსახლეობის უკონტროლო მიმოსვლის დარეგულირება. მიუხედავად იმისა, რომ შესყიდული იქნა 300 ცალი ბარათი, მოსამსახურეთა ყოველდღიური შემოსვლა- გასვლის კონტროლისათვის ბარათები არ გამოყენებულა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სისტემა მოეწყო არა მოსამსახურეთა ყოველდღიური აღრიცხვისათვის, არამედ მოსახლეობის უკონტროლო შემოსვლების მოწესრიგების მიზნით, თუმცა 2017 წლის მაისიდან არც მოსახლეობის უკონტროლო შემოსვლის დასარეგულირებლად გამოყენებულა.
2015-2016 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოწყობილი 21 ერთეული სარიტუალო დარბაზი დაუსრულებელია და არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ 21 ერთეული სარიტუალო დარბაზის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 662.6 ათასი ლარი, აღნიშნული ობიექტებით მოსახლეობა ვერ სარგებლობს.
2016 წელს მუნიციპალიტეტის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ყინწვისში მოეწყო სამანქანე ხიდი, რომლის ხარჯმა შეადგინა 7.3 ათასი ლარი. გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. შედეგად გამოვლინდა, რომ ხიდი უფუნქციოა და მოსახლეობა სატრანსპორტო საშუალებების გადასაადგილებლად ვერ იყენებს. აღნიშნულის მიზეზი არის ის გარემოება, რომ ხიდი ერთი მხრიდან დაკავშირებულია საფეხმავლო ბილიკთან, რის გამოც მასზე ავტომანქანების მოძრაობა ვერ ხერხდება.
2015 წელს მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით 16.4 ათასი ლარით დაფინანსდა დაბა აგარაში ბიბლიოთეკის ძველი შენობის რეაბილიტაცია. აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა აღნიშნული ობიექტი. გამოვლინდა რომ პროექტი დაუსრულებელია. 2016 წელს პროექტის დასასრულებლად თანხა არ გამოყოფილა და არც 2017 წელს დაგეგმილა მისი რეაბილიტაცია.
2015 წელს ქარელის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რამდენიმე შემთხვევაში, ხელშეკრულება გააფორმა ისეთ მიმწოდებლებთან, რომელთაც არ ჰქონდათ სათანადო სამუშაო გამოცდილება. კერძოდ, გამგეობამ სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულებები გაუფორმასაჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირებულ 2 მეწარმე სუბიექტს.ამ მეწარმე სუბიექტებზე 2015-2016 წლებში გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 711.8 ათასი ლარი შეადგინა.
2015-2016 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტს გამარტივებული გზით შესყიდული აქვს 1 358.5 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, რაზეც გაფორმებულია 36 ხელშეკრულება.მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა მიმწოდებლებისაგან მოთხოვნილი ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტების მიხედვით, რითაც დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები.
2015 წელს მუნიციპალიტეტმა სკვერში აუზის მოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტით დახარჯა 14.3 ათასი ლარი. პროექტი მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 2015 წლის 21 დეკემბერს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა სკვერი. გამოვლინდა, რომ აუზი არის დაზიანებული, კერძოდ, აყრილია აუზის ზედაპირზე მოწყობილი მოზაიკა. ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა მიმართული მიმწოდებლისათვის. აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლენილი გარემოების შემდგომ, 2017 წლის 6 ივლისს, ხარვეზების გამოსასწორებლად, მუნიციპალიტეტმა წერილობით მიმართა მიმწოდებელს.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით, კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე, 2015 წელს მუნიციპალიტეტმა დახარჯა 615.0 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ აივანზე მეტლახი აყრილია, რამდენიმე ადგილზე სახურავიდან და აივნიდან წყალი ჩამოვიდა, რის გამოც დაზიანდა ჭერი და კედლები. ასევე, საპირფარეშოში კაფელი დაზიანებულია და სხვა. მუნიციპალიტეტმა რამდენიმეჯერ მიმართა მიმწოდებელს დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მიმწოდებელმა ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ ობიექტზე დაზიანებული ადგილები კვლავ წარმოიშვა. 6 აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია 1: მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ. აღნიშნული წესით, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, უნდა დარეგულირდეს, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მათზე საწვავის გაცემის ლიმიტები, სარემონტო და სხვა მოვლა-შენახვის ხარჯები. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს მთავრობის დადგენილებასთან.
რეკომენდაცია 2: საჭიროა მუნიციპალიტეტმა აღადგინოს აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირება, რითაც მოწესრიგდება მოსამსახურეთა შემოსვლა-გასვლა, დარეგულირდება თანამშრომელთა მივლინების, შვებულებისა და სხვა საპატიო მიზეზით სამსახურში არყოფნასთან დაკავშირებული საკითხები. აღრიცხვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, გამგეობამ უზრუნველყოს შესაბამისი ტაბელის წარმოება, რის საფუძველზე მოხდება მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს ან წახალისების გაცემა. აღნიშნული სისტემა ასევე დაარეგულირებს ადმინისტრაციულ შენობაში მოსახლეობის უკონტროლო შემოსვლას.
რეკომენდაცია 3: ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღწეროს დაუსრულებელი და უფუნქციო შენობები (მათ შორის ე.წ. სარიტუალო დარბაზები). შეისწავლოს მათი შემდგომი ექსპლოატაციის საკითხი და საჭიროების მიხედვით განსაზღვროს შენობა-ნაგებობების გამოყენების მიმართულებები. აღნიშნული უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი მატერიალური სიკეთის მოსახლეობისთვის დროულ და ხარისხიან მიწოდებას.
რეკომენდაცია 4: მუნიციპალიტეტის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს, გამგეობამ უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები. აქედან გამომდინარე განსაზღვროს, თუ რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს თავიდან აიცილოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს.
რეკომენდაცია 5: მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, თვითმმართველმა ერთეულმა გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.
რეკომენდაცია 6: მუნიციპალიტეტის გამგეობამ დანერგოს კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ხარისხის შესაბამისად; რეგულარულად განახორციელოს შესყიდული სამშენებლო ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები არსებული ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების მიწოდებას ხარვეზების გარეშე.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"