26-10-2020
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ქართული საზოგადოების სანუკვარი მიზანია, შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების ყველა გეგმა თუ ქმედება სწორედ ამ მიზნის მიღწევისკენ არის მიმართული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არის არა მხოლოდ მიწების მიტაცება, ეს არის ქართველი ერის მთლიანობის, მისი ერთიანობისა და ერთობის რღვევის მცდელობა.
„რუსეთის ოკუპაციის შედეგია ასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით ადამიანის ფეხქვეშ გათელილი უფლება, იცხოვრონ წინაპართა მიწა-წყალზე, საკუთარ სახლებში აღზარდონ შვილები და შეუქმნან მათ უსაფრთხო მომავალი. ოკუპაციის შედეგია, ის რომ დღეს ბავშვებს არ აქვთ უფლება მიიღონ სასკოლო განათლება მშობლიურ ენაზე, გახლეჩილი და გაუცხოებულია საზოგადოებები, საქართველოს ორი ულამაზესი კუთხე განადგურებულია და ვერ ვითარდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ, დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გრძელდება საოკუპაციო ზოლთან მავთულხლართების აღმართვა და საზოგადოების ხელოვნური იზოლაცია. არ წყდება ქართული კვალის წაშლის მცდელობები და საშიშროების წინაშე დგას აფხაზური და ოსური ენები და თვითმყოფადობა.
„ოკუპაცია არის ჩვენი საერთო ტკივილი და ეროვნული ტრაგედია, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსებას, მის აწმყოსა და მომავალს ეხება. ჩვენი საზოგადოების ურყევი ნებაა აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას. ქართველი ხალხის ეს გააზრებული და უალტერნატივო გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას. საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზებით გაერთიანდება. თანმიმდევრული, პრაგმატული და პრინციპული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მავთულხლართებით გაყოფილ და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ. ჩვენი უპირველესი ამოცანაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის სიმძიმეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, 2 წლის წინ დამტკიცდა უპრეცედენტო სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელმაც პირველად შექმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებებისთვის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობები:
„პირველად ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთ მიეცათ შესაძლებლობა ლეგალურად ივაჭრონ ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან და საგარეო ბაზრებზე;
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდებს გაუმარტივდათ უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღება, როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხოეთის სასწავლო დაწესებულებებში;
სამშვიდობო ინიციატივის თითოეული მიმართულებით გვაქვს მზარდი ინტერესი ოკუპირებულ რეგიონებში;
სასიხარულოა, რომ ბოლო 8 წელიწადში თითქმის გასამმაგდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა.
მძლავრმა რუსიფიკაციის პროცესმა აფხაზურ და ოსურ ენებს გაქრობის საფრთხე შეუქმნა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კი, სახელმწიფო დაფინანსებით 16 საჯარო სკოლაში ისწავლება აფხაზური, ხოლო 3 საჯარო სკოლაში ოსური ენა. ამ ენების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა ელექტრონული თვითმასწავლებელი, გამოიცა წიგნები რომლითაც დღემდე სარგებლობენ ოკუპირებული რეგიონების სკოლები და ბაღები. შეიქმნა აფხაზური და ოსური ენის მასწავლებელთა პროფესიული სწავლების მოდული და გადამზადდნენ მასწავლებლები; საქართველოში ყოველწლიურად ათასობით პირველკლასელს ურიგდება ნეტბუქები, რომელშიც ჩატვირთულია აფხაზური ენის სასწავლო პროგრამა“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს აფხაზ და ოს საზოგადოებასთან მტკიცე თანამშრომლობით, სამშვიდობო პოლიტიკის შენებას.
„ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს რათა ხელი შევუწყოთ დიალოგის გააქტიურებას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოებების ყველა რგოლს შორის.
ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი კვლავაც დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, მათზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვაჭრობის განვითარება, განათლების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება, ჯანდაცვასა და სხვა მომსახურებაზე გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფა, და ევროინტეგრაციით მიღებული სარგებლის და პერსპექტივების გაზიარება;
სრულად ამოქმედდება მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფინანსური მექანიზმი;
გაიზრდება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბიზნეს- პროექტების დაფინანსება, რათა ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ, მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ ხელი შევუწყოთ მათ შორის ურთიერთობების დამყარებას;
გაღრმავდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა, მათი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა და მათთვის დაფინანსების მიცემა ასევე, პროფესიული განათლების პროგრამების უზრუნველყოფა;
გაუმჯობესდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურება. კიდევ უფრო გაფართოვდება და მრავალფეროვანი გახდება სამედიცინო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობები, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით;
გაძლიერდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით, რომლებიც მიმართული იქნება ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ზამთარში გათბობით უზრუნველყოფაზე ასევე, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის წახალისებაზე;
ამ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაუფინანსდებათ სწავლა“.
ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია! ამიტომ, დღეს, სწორედ ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.