26-10-2020
"ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკის მიმართულების წარდგენისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უცხოეთში მყოფი ქართული დიასპორისა და მასზე ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
დავით ზალკალიანის თქმით, ხელისუფლებების, პოლიტიკური ჯგუფების, თუ ცალკეული დარგის წარმომადგენლების გარდა, ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ ქართველებზე, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და ღირსეულად წარმოადგენენ საკუთარ სამშობლოს.
„მე მათ აღვიქვამ, როგორც ჩვენს დიპლომატებს, რადგან ისინი ჩვენი კულტურის, ღირებულებების და ფასეულობების გამავრცელებლები არიან მთელ მსოფლიოში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისას ხელისუფლებამ მიზნად დაისახა უცხოეთში მყოფი ქართული დიასპორის გაძლიერება, პირველად შეიქმნა და დამტკიცდა დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც თავის თავში მოიცავს უამრავ ინსტრუმენტს, მათ შორის პროექტებსა და პროგრამებს, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დასახმარებლად და გასაძლიერებლად. მისი თქმით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება ქართული დიასპორის, ქართული კულტურული კერების, საკვირაო სკოლების, ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა, ისევე როგორც საზღვარგარეთ მოღვაწე ბევრი წარმატებული ქართველის სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განმტკიცებასა და მათ აქტიურ ჩართულობაზე ზრუნვა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ გლობალური პანდემია იყო საუკეთესო მაგალითი ქართველი ხალხის ერთიანობის. პანდემიის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფომ შეძლო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტული თანამემამულეების საკუთარ ფესვებთან დაბრუნება და თავის თავზე აიღო უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს უპრეცედენტო აქტს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში და როგორც კრიზისულ პერიოდში მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირების მაგალითი სანიმუშოც შეიძლება გახდეს მთელი მსოფლიოსთვის.
როგორც ცნობილია, პანდემიის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 23,000-მდე, ხოლო ადგილზე დახმარება გაეწია 24,000-მდე თანამემამულეს. მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება - მიზნად არის დასახული არსებული სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება, კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა და ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერება, მათში ეროვნული თვითმყოფადობის და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება შემდეგი გზებით იქნება უზრუნველყოფილი:
- დიასპორასთან ურთიერთობის სისტემური მიდგომის დანერგვა;
- დიასპორული ინიციატივების წახალისება საგრანტო პროგრამების გზით;
- საკვირაო სკოლების გაძლიერება;
- ქართული კულტურული კერების გაძლიერების და შექმნის ხელშეწყობა;
- ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა;
- დიასპორის წარმატებული წარმომადგენლების საქართველოს განვითარების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;
- საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების ინტერესების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სერვისების განვითარება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით.