28-10-2020
პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად და დემოკრატიულად ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გეგმავს მთავრობა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის საწყისი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს სულ სხვა რეალობაა და ამიტომ, მთავრობის ღონისძიებები იქნება წერტილოვანი.
„როდესაც პირველი ტალღის ეტაპზე გავატარეთ უმკაცრესი ღონისძიებები, იყო რამდენიმე ფაქტორი - გაურკვევლობის ხარისხი იყო ბევრად უფრო მაღალი. არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე და მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიომაც არ იცოდა, რასთან ჰქონდათ საქმე და მაშინ მკაცრი ჩაკეტვის ღონისძიებები ჩვენს გარდა ბევრმა სხვა ქვეყანამაც მიიღო. ელემენტარულად, დღეს თქვენ რომ პირბადე გიკეთიათ, იმ ეტაპზე, პირბადე იყო დეფიციტი. არა თუ ქვეყანაში, არამედ მსოფლოში. გარდა ამისა, მაშინ ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა დღეში 200 PCR ტესტი. ხარისხიანი სწრაფი ტესტები არ არსებობდა. მაშინაც სპეკულირებდა ოპოზიცია ამ თემით. კიდევ ბევრი არგუმენტი შემიძლია ჩამოგითვალოთ. ჯანდაცვის სისტემა იყო სრულიად სხვა მდგომარეობაში - ელემენტარულად სასუნთქი აპარატების რაოდენობა იყო უდიდესი დეფიციტი.
დღეს სულ სხვა რეალობაა, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ - ჩვენი ღონისძიებები იქნება წერტილოვანი. ჩვენ არ გვითქვამს შეზღუდვებზე და ლოკდაუნებზე უარი, მაგრამ ეს არ იქნება სისტემური, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება წერტილოვანი, იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. სრულად არის გადალაგებული კლინიკური მართვის სისტემა და არის თავდაცვის რამდენიმე შრე. ეს არის პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმი, საკარანტინე სივრცეები, ეს არის კოვიდ-სასტუმროები, ჰოსპიტალური სისტემა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ იმის მიუხედავად, რამდენი ინფიცირებული გვეყოლება, ყოველდღიურად, სისტემის მდგრადობამ ამას გაუძლოს. ყველა ქვეყნის ყველაზე განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის რესურსიც არის ამოწურვადი და ჩვენი მთავარი მიზანია არის ის, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც საქართველოს გააჩნია გადავანაწილოთ. ადამიანი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, დაბალი ტემპერატურა აქვს და მსუბუქია, ეს ადამიანი უნდა იმართებოდეს ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში. ჩვენ ეს სპეციალურად შევქმენით. თუ ადამიანს არ აქვს იზოლაციის პირობები ბინაზე, მას შევიქმენით პირობები და გადაგვყავს კოვიდ-სასტუმროში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა ანტი-რეკორდები. ქვეყნები ავიდნენ ათობით ათას ინფიცირების შემთხვევებზე. ამ ქვეყნების პირობებშიც სისტემური ლოკდაუნები არ ხორციელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.