12-03-2018
სოხუმში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შემთხვევა 11 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა რამდენიმეწლიან დავას უკავშირდება, რომელიც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშვა. მოკლული რუსეთის მოქალაქე, 1987 წელს დაბადენული გულგაზ მამედოვა აფხაზეთში მცხოვრებ 1978 წელს დაბადებულ ვიქტორ ჯანბასთან ქორწინებაში იმყოფებოდა. განქორწინების შემდეგ, 2015 წლის ივლისში სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ მცირეწლოვან შვილს დედასთან უნდა ეცხოვრა.
დიდი დავის შემდეგ, ჯანბა იძულებული იყო შვილი დედისთვის დაებრუნებინა, თუმცა კონფლიქტს ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ადგილი მუდმივად ჰქონდა.
11 მარტს კი ვიქტორ ჯანბამ გულგაზ მამედოვა სოხუმში, მოქალაქეთა თვალწინ სიცოცხლეს გამოასალმა, თავად კი მილიციაში გამოცხადდა. აფხაზური მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან კალაშნიკოვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
ვიქტორ ჯანბა აქტიურად იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ 1993 წელს, მას „აფხაზეთის გმირის“ წოდებაც კი აქვს მიღებული.