28-10-2020
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას სასწავლებლის შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, სასწავლებელი პირველ ეტაპზე მსურველებს მაღალი ხარისხის გადამზადებისა და მოკლევადიან სასერტიფიკაციო კურსებს შესთავაზებს.
„ინდუსტრიასთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოში პირველად შევძელით სრულად აღჭურვილი მეთევზე-მეზღვაურთა გადამზადების თანამედროვე სიმულატორის გახსნა. ასევე დამატებით აღვჭურვეთ 10 სასწავლო ლაბორატორია, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება“, აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ახალ სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს, რაც ნათლად მეტყველებს, რომ საზღვაო დარგის მოთხოვნებსა და გამოწვევებს ფოთის ფილიალი სათანადოდ პასუხობს.
„ფოთში სასწავლებლის გახსნა, საზღვაო და ზოგადად ტრანსპორტის დარგის მიმართ ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომელიც, პირველ რიგში, გულისხმობს პროფესიონალი კადრების გადამზადებას და საზღვაო სექტორის სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდას, რაც ავტომატურად ნიშნავს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონიდან პროფესიონალი კადრების გადინების შეჩერებას. 2020 წელს ჩვენ ასევე პირველად ქვეყნის ისტორიაში დავნერგეთ საზღვაო დარგის საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც ხელს შეწყობს სანაოსნო ინდუსტრიის განვითარებას. სწორედ ინდუსტრიის პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფას მოემსახურება ფოთის სასწავლებელი” - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.