გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ეს აფხაზების მხრიდან ასეთი დამოკიდებულების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა, ცენტრის დირექტორ ნანა შონიას თქმით, ამჯერად დაპირისპირება სოციალურ ქსელებში ნეგატიური კომენტარების იქით აღარ წასულა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზური მხარე ხშირად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ ამა თუ იმ კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებზე აფხაზეთის წარმომადგენელთა, მათ შორის საბავშვო ანსამბლებისა თუ სპორტული გუნდების, გამოსვლის დაბლოკვაში. წერენ, რომ პოლიტიკა და სპორტი, პოლიტიკა და ხელოვნება გამიჯნული უნდა იყოს და აფხაზების მიმართ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება უზნეობაა.
ამჯერად კი აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი 8 მარტს ტყვარჩელის მე-5 სკოლაში გამართული საბავშვო კონცერტი და ინტერნეტში გავრცელებული ამ კონცერტის ერთი ვიდეოჩანაწერი გახდა. ამ ჩანაწერში გალიდან ტყვარჩელში ჩასული მოსწავლეები მეგრულ სიმღერას ასრულებენ.
"რა კულტურული გაცვლაა ქართული სიმღერებით, ვინ დაუშვა ეს? რატომ ცოცხებით არ გაყარეს? რა ხდება, გალი უკვე საქართველოა? აფხაზურად და რუსულად სიმღერა არ შეეძლოთ? ეს ხომ აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა შეურაცხყოფაა. ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ" - ამ და მსგავს კომენტარებს მრავლად შეხვდებთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ვიდეოზე.
გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორ ნანა შონიას თქმით, აფხაზების მხრიდან ქართველებისა და, ზოგადად, ქართული კულტურისადმი ასეთი დამოკიდებულება ხშირია.
"სარვამარტო კონცერტები გაიმართა ყველგან - გალის რაიონშიც, ტყვარჩელშიც და სხვაგანაც. სკოლების კოლექტივები მონაწილეობდნენ. ტყვარჩელში ბავშვებმა მეგრული სევდიანი სიმღერა "ჩონგური" შეასრულეს და ამას მოჰყვა აღშფოთება აფხაზების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან აფხაზები კრძალავენ მეგრული და ქართული სიმღერების შესრულებას. ბავშვებს ავალდებულებენ, იმღერონ აფხაზურ და რუსულ ენებზე. ეს არც პირველი შემთხვევაა. დიდი ხანია, ასეა. თუმცა ამ ვიდეოში აღშფოთებული საზოგადოების ხმა არ ისმის, სოციალურ ქსელში კი ვინც ესწრებოდა ალბათ იმან დადო.
"ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომელი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და უშუალოდ ვინ იყვნენ ეს ბავშვები. რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, დასჯა და ამდაგვარი რამ არ მომხდარა. თუმცა დიდი ხანია, სცენაზე ქართული სიმღერებისა და ცეკვების შესრულება იკრძალება", - უთხრა "მთელ კვირას" შონიამ.
ტყვარჩელში მომხდარ ინციდენტს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კრიზისის შედეგი უწოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლია ახალაძემ. მისი თქმით, ეს ურთიერთობა რუსული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში.
"ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი და საინტერესო სახელი იკითხება, რომლითაც ქართველებიც და აფხაზებიც იამაყებენ, მაგრამ ეს ურთიერთობა რუსული იმპერიული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. პირველი ბზარი ჯერ კიდევ ყყ საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყო. სწორედ იმ დროიდან რუსეთმა მიზანმიმართული პოლიტიკა გაითამაშა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობის ერთმანეთთან დასაპირისპირებლად, რაც იმპერიის გადასარჩენად მებრძოლ ძალებს ხელსაყრელ პირობებს შეუქმნიდა ამ ერებზე გავლენის შესანარჩუნებლად.
"გათიშე და იბატონე"-ს რომისდროინდელი პოლიტიკა ჯერ გასული საუკუნის 20-იანი წლების, ხოლო მოგვიანებით 90-იანი წლების კავკასიურ ავანსცენაზე გათამაშდა. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურ თამაშებში ქართველები და აფხაზები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ", - უთხრა "მთელ კვირას" ახალაძემ.
მისივე თქმით, აფხაზური სიმღერებისა და, ზოგადად, ფოლკლორის დიდი ნაწილი განიცდის ქართულ გავლენას, ან პირიქით.
"ისტორიკოსებმა, ეთნოლოგებმა, ფოლკლორისტებმა, ეთნომუსიკოსებმა იციან, რომ აფხაზური სიმღერებისა და ფოლკლორის დიდი ნაწილი განიცდის ქართულის გავლენას და პირიქით. არის შემთხვევები, როცა აფხაზურ და ქართულ სიმღერებს საერთო საფუძველი აქვს და შეუძლებელია, დააზუსტო, რომელია მათ შორის პირველადი.
"მიუხედავად ჩვენ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა, ჩემთვის დაუჯერებელია, მუსიკა გახდეს პრობლემის საფუძველი. საქმე გვაქვს განათლების დეფიციტთან, ან გამიზნულ პოლიტიკურ თამაშთან, რომელსაც არ უნდა წამოვეგოთ არც აფხაზები და არც ქართველები. ვიცი, რომ სოხუმში უსმენენ ქართულ სიმღერებს. ანალოგიური სიტუაციაა ენგურს გამოღმაც - სხვადასხვა ფესტივალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს აფხაზური სიმღერები.
"მართალია, დღეს ჩვენი კულტურული და ყოფითი ურთიერთობა კრიზისს განიცდის, რისი გამოძახილიცაა ტყვარჩელის ინციდენტიც, მაგრამ მეგრული (ქართული) სიმღერა ისეთივე ორგანული და მისაღები იყო აფხაზისთვის, როგორც ჩემთვის აფხაზური "ვარადა"... ჩემს ბავშვობაში არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ლექსი და სიმღერაც ქართული არ იყო. როცა მოგვიანებით გავიგე, მივხვდი, შეუძლებელია, ქართველისთვის "ვარადა" და აფხაზური სიმღერის ნებისმიერი ნიმუში უცხო ყოფილიყო, რადგან ის სადღაც სამეზობლოში კი არ შექმნილა, არამედ აქვე, ჩვენ შორის, ჩვენივე სოციუმის განუყოფელი ნაწილის მონაწილეობით.
"შეუძლებელია, ემოციის გარეშე ვუსმინოთ აფხაზურ სიმღერას "შიშნანი". დარწმუნებული ვარ, ისევე უემოციოდ ვერ ისმენს ვერც ერთი ნორმალური აფხაზი ქართულ სიმღერებს: "აშო, ჩელა", "ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო" და ა. შ., რადგან მუსიკა, რომელიც აფხაზებმა და ქართველებმა შექმნეს, ერთი სოციუმის ემოციური სამყაროს შინაგანი გამოძახილია", - გვითხრა ახალაძემ.
8 მარტს ტყვარჩელის მე-5 სკოლაში გამართული საბავშვო კონცერტის ის კადრები, რომელმაც აფხაზეთში ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია.