გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

29-10-2020

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავიაზროთ, რომ არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი დღე, როგორც ბოლო 1 წლის განმავლობაში არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყანაში არ გაჩერებულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და სწორედ ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ უაღრესად დიდი პატივია დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა, განსაკუთრებით საბურთალოზე, ჩემს მშობლიურ უბანში, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც სკოლა დავამთავრე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ემოციურია, თუმცა ჩვენ, ემოციების მიღმა, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავიაზროთ, რომ არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი დღე, როგორც ბოლო 1 წლის განმავლობაში არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყანაში არ გაჩერებულა, ისე, როგორც საბურთალოზე და თბილისშიც არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი თაობების წინაშე. ეს არის ჩვენი ზრუნვა ერთმანეთის წინაშე, როდესაც ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მოხუცებს, როდესაც ჩვენ ვატარებთ პირბადეს, ვიცავთ ელემენტარულ წესებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა პანდემიაზე საუბრისას, მადლობა გადაუხადა თითოეულ ექიმს, რომელიც დღეს წინა ხაზზეა, ისევე, როგორც თითოეულ პოლიციელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს და როცა საჭირო იყო ეხმარებოდა ექიმებს, ასევე მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობას იცავენ და ასევე ეხმარებოდნენ ექიმებს.

„აქ ბრძანდებიან ჩვენი ექიმები, ღვაწლმოსილი ადამიანები, თითოეული მათი სიტყვა ჩვენთვის ყოველთვის იყო სახელმძღვანელო და არ მქონია ამდენ ხალხში იმის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებისთვის მადლობა მეთქვა და მათი სახით მინდა თითოეულ იმ ექიმს, რომელიც დღეს წინა ხაზზეა და იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის, მათ დიდი მადლობა გადავუხადო, ისევე, როგორც თითოეულ პოლიციელს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს და როცა საჭირო იყო ეხმარებოდა ექიმებს, ისევე, როგორც ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობას იცავენ და ასევე ეხმარებოდნენ ექიმებს, ამ ხალხსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი გზები, სკოლები, საავადმყოფოები იყოს ისეთივე თანამედროვე, როგორც ევროპული.

„ჩვენი ერთადერთი გამოსავალი არის ერთმანეთზე ზრუნვა და რაციონალური, გონივრული პოლიტიკით ქვეყნის აღმშენებლობის გაგრძელება. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ეს გამარჯვება. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის სისტემური პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას მოვახერხებთ 20 მილიარდ ლარზე მეტს, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი გზები, ჩვენი სკოლები, ჩვენი საავადმყოფოები იყოს ისეთივე თანამედროვე, როგორც ევროპული.

ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა იყოს ევროპული, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 4 წლის შემდგომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის სტანდარტები დავუახლოვოთ მაქსიმალურს, ევროპულს, როდესაც გვექნება სრული უფლება იმისთვის, რომ სრულფასოვან წევრობაზე გავაკეთოთ განაცხადი 2024 წელს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევანი განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს ურთიერთპასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანს, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, ეს არჩევანი განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. ასე, რომ ჩემო ძვირფასებო გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.