30-10-2020
ქალაქ გურჯაანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკი ოფიციალურად გახსნა. გურჯაანის ტექნოპარკი საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსეა. ტექნოპარკების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მინისტრმა დაათვალიერა გურჯაანის ტექნოპარკის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.
„ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდობის განათლების საკითხს, მათ შორის, ინოვაციური განათლებას და სტარტაპებს. ახლახანს მივიღეთ გადაწყვეტილება და განსაკუთრებული საგადასახადო საშეღავათო რეჟიმი დავაწესეთ აითი - კომპანიებისთვის. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სპეციალური წესი შეიმუშავა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს საშემოსავლო და მოგების გადასახადები 5-5 პროცენტით განესაზღვრა. ეს მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებებია, რამაც თავისი შედეგები რამდენიმე დღეში გამოიღო. გლობალური მსხვილი აითი კომპანიები გადმოდიან საქართველოში, ხსნიან ფილიალებს, ხოლო ჩვენ ტექნოპარკების მეშვეობით მოვუმზადებთ მათ ადგილობრივ კადრებს, ნიჭიერ ადამიანებს, რომელთა პროფესიულ განვითარებაში ისინიც ჩადებენ კაპიტალს,“ - განაცხადა მინისტრმა ტექნოპარკის ოფიციალურ გახსნაზე.
ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ტექნოპარკი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს. „ისინი აქ ისწავლიან, თუ როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები. ამაში მათ გამოცდილი მენტორები დაეხმარებიან. ისინი ისწავლიან, თუ როგორ წამოიწყონ საკუთარი საქმე, საკუთარი ინოვაციური ბიზნესი, დააფუძნონ სტარტაპი და დარწმუნებული ვარ, რომ გურჯაანის ტექნოპარკი იქნება ერთ-ერთი წარმატებული ჩვენს სხვა ტექნოპარკებს შორის. ამისთვის აქ ყველაფერია,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გურჯანიის ტექნოპარკის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მ.შ ირაკლი შიოშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
გურჯაანის ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.
ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში.
ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის, თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.
ტექნოპარკში ხელმისაწვდომია ასევე საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები და სხვა სერვისები, რომლებიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.