გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ კასპში ტექნოპარკი გახსნა

30-10-2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ კასპში ტექნოპარკი გახსნა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ტექნოპარკთან ერთად გაიხსნა ასევე პროფესიული სასწავლებელიც.

როგორც გახსნაზე აღნიშნეს, ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

როგორც გახსნაზე აღინიშნა, კასპის ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დაეხმარონ ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.

ადგილობრივებს შეუძლიათ ისარგებლონ ტექნოპარკში წარდგენილი სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორიითა და უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. დაინტერესებულ პირებს ამ ყველაფრის გამოყენებაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება.

ტექნოპარკში ასევე წარმოდგენილია საერთო სამუშაო სივრცე (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის, თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.

ახალგახსნილ ტექნოპარკში ასევე ხელმისაწვდომი იქნება საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები და სხვა სერვისები, რომლებიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.