გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია

6-11-2020

სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასოდეს შეზღუდავს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, თუმცა ფაქტი არის ის, რომ მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია და ეს ფაქტია, ეს არ არის ჩვენი გამოგონება, ან ჩვენი შეფასება, ეს არის ეპიდემიოლოგების შეფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღიურად ჩანს, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორც ითარგმნება ეს ყველაფერი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში, რა თქმა უნდა, აქ პირდაპირი კავშირია და ჩვენ იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ ჩვენ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მობილობა დავაგდოთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენი ქვეყანა მოქმედებს რამდენიმე ერთდროული გამოწვევის პირობებში, ესენია პანდემია, კოვიდის გავრცელება გლობალურად და ჩვენს ქვეყანაშიც, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ჩვენ არც ერთ მიმართულებაზე არ გვაქვს დათმობის არანაირი რესურსი და შესაძლებლობა და ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს პროცესი, გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქუჩაში მიდის, თუმცა ეს ვერ იქნება და არ იქნება ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე. ეს ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, ეს არ ეხება ყველას, მაგრამ ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავში უკვე აქცია, როგორც ვირუსის გავრცელება, აქცია - როგორც ეკონომიკურ კრიზისში შესვლა, აი, ასეთ სახეს იღებს და, რა თქმა უნდა, არსებობს წითელი ხაზი. ჩვენთვის ეს წითელი ხაზები არის ჩვენი ინსტიტუციონალური სიძლიერე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი. იქ, სადაც სახელმწიფოს ხელყოფას, სახელმწიფოს დანგრევას ან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას შეეხება საკითხი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არასოდეს დაიხევს უკან. ჩვენ ვიქნებით ეფექტურები და სწრაფები, რომ მსგავსი შემთხვევები აღვკვეთოთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არ ეხება და ვერ შეეხება გამოხატვის თავისუფლებას. ყველას შეუძლია, აღასრულოს თავისი უფლება გამოხატვის თავისუფლების ისე, რომ დაიცვას წესები. ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილი, წესი, დრო და ყველაფერი ისე, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს მოქალაქეს, რომელმაც 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, გამოიჩინა გმირობა,”- განაცხადა პრემიერმა.