20-11-2017
ესტონური გამოცემა «Postimees»-ი, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის-აფხაზეთის შესახებ, მიმომხილველ იანუს პიირსალუს ავტორობით მასალას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
აფხაზეთში რუსეთისადმი შიში მატულობს - იმ რუსეთის მიმართ, რომლის ფულზე და დახმარებაზეა დამოკიდებული 24 წლის წინათ მომხდარი ომის შედეგად საქართველოს შემადგენლობიდან გასული რეგიონის არსებობა..
-------
შავი ზღვის პირას მდებარე აფხაზეთი, განსაკუთრებით კი მისი მსხვილი ქალაქები - სოხუმი და გაგრა, ბოლო ათი წლის განმავლობაში შესამჩნევად განვითარდნენ. აფხაზეთი დღეს რუსეთის ჩვეულებრივ რეგიონს მოგვაგონებს. ყველა მომსახურება და პროდუქტი რუსულია. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში უფრო უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე რუსეთის ჩვეულებრივ რეგიონში. ვთქვათ, ისეთ კარგ გზატკეცილს, რომელიც აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროს დასავლეთიდან აღმოსავლეთით, 200 კილომეტრის გაყოლებით გასდევს, რუსეთში ვერც იპოვი. ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ეს გზა ორმოებით იყო სავსე, ინფრასტრუქტურა მოშლილი იყო. თვით დედაქლაქ სოხუმში ნორმალურ სასტუმროს ვერ მოძებნიდი. ახლა კი იმდენი კარგი სასტუმროა, რომ მათ საერთაშორისო საიტებზეც ნახავთ.
მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა, მოგვიანებით იგივე გააკეთეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ (აფხაზეთი ფართობითა და მოსახლეობით ხუთჯერ მცირეა ესტონეთზე). დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ყველგან იგრძნობა, რომ ქვეყანა ვითარდება, ცხოვრება წინ მიდის... თუმცა ფაქტია, რომ ამ განვითარებას რუსეთის მტკიცე მხარდაჭერა განაპირობებს. „რუსეთის ფინანსური დახმარება უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც მხოლოდ ხუთ მილიარდ რუბლს (ანუ 72 მილიონ ევროს) შეადგენს“, - აღიარა Postimees-სთან ინტერვიუში „აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა“, 38 წლის დაურ კოვემ.
რუსეთი აგებს გზებს და არემონტებს რკინიგზებს, აშენებს საბავშვო ბაღებს და სკოლებს, ხსნის და აფინანსებს ახალ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე პენსიას უხდის აფხაზეთის მოსახლეობას. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში რუსეთმა აფხაზეთში მინიმუმ 40 მილიარდი რუბლის (ანუ 580 მილიონი ევროს) ინვესტიცია განახორციელა. მაგრამ...
თუ დამოუკიდებლობის აღიარებიდან პირველ წლებში აფხაზები რუსეთს მამა-მარჩენალად და მშველელად აღიქვამდნენ, დღეს, განსაკუთრებით კი ყირიმის მიერთების შემდეგ, აფხაზურ საზოგადოებაში, პირველ რიგში კი ინტელიგენციაში, უკვე შეშფოთება შეინიშნება: რუსეთს ჩვენს მიმართაც მსგავსი გეგმების ხომ არ აქვს?
„ჩვენ გვეშინია, რადგან ვერ ვხვდებით - კარგია თუ ცუდი ჩვენთვის, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად შემოდის აფხაზეთში“, - ძალიან ფრთხილად გამოხატა თავისი პოზიცია Postimees-სთან საუბარში ეკონომიკის ექს-მინისტრმა და ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაურ ბარღანჯიამ.
„რუსეთში, ცხადია, არიან ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ინკორპორირება სურთ, განსაკუთრებით ყირიმის მოვლენების შემდეგ. მათ ჰგონიათ, რომ აფხაზეთის რუსეთთან მიერთება შეიძლება“, - ამბობს უშიშროების საბჭოს ექს-ხელმძღვანელი, ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა, - თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთი აცნობიერებს - მსგავსი ნაბიჯი აფხაზეთის მიმართ მისთვის წამგებიანი იქნება. წარმოიდგინეთ, როგორი კრიტიკის ტალღა მოაწყდება უცხოეთიდან. დიახ, რუსეთი ხვდება, რომ ნეგატიური რეაქცია იქნება, რადგან სამხრეთ ოსეთის მიერთებაც ვერ გადაწყვიტეს“.
სამხრეთ ოსეთი ფართობით აფხაზეთზე შედარებით უფრო მცირეა. ის საქართველოს ფაქტიურად ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოეყო. სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთისაგან განსხვავებით, პრაქტიკულად მთლიანად რუსეთის ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, ამიტომ სამხრეთელ ოსებს თვითონ სურთ რუსეთთან მიერთება.
რუსეთის მიმართ აფხაზების მეტ-ნაკლებ შიშს ის გარემოება აძლიერებს, რომ მისი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთში ცხოვრება სურს. როგორც ირკვევა, ესენი არიან ყველაზე აფხაზეთის მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები - სომხები და რუსები. მათ სურვილს აფხაზები ეწინააღმდეგებიან.
რაც შეეხება აფხაზეთის ოფიციალურ ხელისუფლებას, მთავრობა რუსეთის მხრიდან ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავს და ვერ გრძნობს. ამასთან, პარლამენტართა უმრავლესობა რუსეთთან გაერთიანების წინააღმდეგია. „დროდადრო გვესმის, რომ რუსეთმა თითქოს უკვე მოახდინა აფხაზეთის ოკუპირებაო, მაგრამ ეს სისულელეა. რუსეთი და მისი არმია აფხაზეთში - ეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა“, - ამტკიცებს დაურ კოვე ინტერვიუში. მისი ტქმით, რუსეთი აფხაზეთის ხელისუფლებაზე არანაირ ზეწოლას არ ახდენს: „ჩვენ რუსეთის პროტექტორატი არ ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვახდენთ ჩვენი პოლიტიკის კოორდინაციას რუს კოლეგებთან’. დაურ კოვემ დაამატა, რომ ყოველი სახელმწიფო თვითონ ირჩევს თავის ისეთ სტრატეგიულ პარტნიორს, ვისთანაც მას კომფორტული თანამშრომლობა სურს. მისი თქმით, „საქართველომ, მაგალითად, არჩევანი დასავლეთზე და ნატოზე გააკეთა“.
„ზოგიერთები შიშობენ, რომ ყირიმის ვარიანტი ჩვენთანაც შეიძლება მოხდეს, რუსები ჩვენ არ შეგვეკითხებიან, ისე მიგვიერთებენო. მე კი მგონია, რომ ასე არ მოხდება, მოვლენების ამგვარ განვითარებას აბსოლუტურად ვერ ვხედავ“, - აცხადებს „საგარეო საქმეთა მინისტრი“.
რუსეთთან აფხაზეთს ზოგიერთი მოუგვარებელი საკითხი აქვს. მათ შესახებ აფხაზებს ღიად საუბარი აფხაზებს არ სურთ, თუმცა ჩუმად ყოფნით პრობლემა არსებობას არ წყვეტს.
ერთ-ერთი ისაა, რომ უცხოელებს (რუსების ჩათვლით) აფხაზეთში აკრძალული აქვთ მიწებისა და საცხოვრებელი ფართობის ყიდვა. მიწა აფხაზეთში სახელმწიფოს ეკუთვნის.
რუსეთი წლების განმავლობაში არაოფიციალურ ზეწოლას ახდენს აფხაზეთზე და ითხოვს, რომ აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საპასუხოდ (პლუს დიდი სოციალური დოტაციების ჩათვლით), სოხუმი რუსებისათვის მიწის და საერთოდ, უძრავი ქონების მიყიდვას დათანხმდეს. მაგრამ აფხაზები სამართლიანად შიშობენ, რომ თუ მიწის მიყიდვაზე დათანხმდებიან, მაშინ მათზე უფრო მდიდარი რუსები მთელ აფხაზეთს იყიდიან და ადგილობრივებისათვის ფასები ფანტასტიკურად მოიმატებს. ისე, სოხუმმა ერთი საკმაოდ გამონაკლისი რუსებისათვის უკვე დაუშვა: გაფორმებული სამხედრო შეთანხმების თანახმად, აფხაზეთში მყოფ რუს სამხედრო მმსამსახურეებს აქვთ უფლება საცხოვრებლად დარჩნენ და მიწაც იყიდონ, აფხაზებთან თანაბარი უფლებით. სამწუხაროდ, Postimees-მა ვერცერთ სოხუმელ ჩინოვნიკთან ვერ მოახერხა გაეგო, თუ რამდენმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ ისარგებლა მინიჭებული უფლებით.
მეორე სადაო საკითხია აფხაზეთის კურორტების კონკურენცია რუსულ კურორტებთან. აფხაზური კურორტები სოჭთან და ყირიმთან შედარებით უფრო იაფია. ამიტომაც თვალში საცემი იყო ის ფაქტი, რომ რუსულმა მასმედიამ, როგორც კი სოხუმში ორი რუსი ტურისტის მკვლელობა მოხდა, აფხაზეთის „გაშავება“ დაიწყო. არადა, მსგავსი მკვლელობები რუსულ კურორტებზეც ხდება, მაგრამ მასმედია ჩუმად არის ხოლმე. „ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მთელი ზაფხული პრაქტიკულად ტურისტების გარეშე დავრჩით. ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერი ხელოვნურად მოხდა. ალბათ, ამის მიზანი იყო ეჩვენებინათ - აფხაზეთში ისეთი სიტუაციაა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობსო“, - ამბობს სოხუმელი ასლანი, რომელიც მცირე სასტუმროს მფლობელია.
დაურ ბარღანჯიას აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ აფხაზეთს, რუსეთის გარდა, არავითარი საგარეოპოლიტიკური და ეკონომიკური ალტერნატივა არ აქვს: „ჩვენ რუსული ფულის გარდა სხვა ფულის მიღების საშუალება არ შეგვიძლია. ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის დიდი პრობლემაა. განა ესტონეთი პრობლემებს მხოლოდ თვითონ გადაწყვეტდა, უცხოური ინვესტიციები რომ არ ყოფილიყო?“, - ამბობს დაურ ბარღანჯია და აზუსტებს: უცხოური ინვესტიციების საკითხში ყველაზე დამაბრკოლებელი ფაქტორია საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.
თბილისი ოკუპირებულად მიიჩნევს აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც. აღნიშნული კანონის თანახმად, ყოველ უცხოურ კომპანიას, რომელიც თბილისის უნებართვოდ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამოჩნდება, სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. „აბა მითხარით, რომელი უცხოელი ინვესტორი მოისურვებს ქართულ ბიუროკრატიასთან ბრძოლას, რომ რაღაც გახსნას აფხაზეთში?“, - მსჯელობს დაურ კოვე, - „ბუნებრივია, ჩვენ ვერცერთ ინვესტორს გარანტიას ვერ ვაძლევთ, რადგან ამ საკითხში საქართველო ძალიან გვზღუდავს, ევროკავშირი კი მხარს თბილისს უჭერს. ეს ძალზე დისკრიმინაციული კანონია, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას და არღვევს აფხაზეთის მოქალაქეების უფლებებს“.
აფხაზეთში ერთადერთი უცხოელი ინვესტორები რამდენიმე თურქული კომპანიაა, რომლებიც ქვანახშირის მოპოვებას ეწევიან და ჯართს იაფად იძენენ. აფხაზეთში შედარებით უფრო მეტი ფული შედის რუსეთის მიერ მე-19 საუკუნეში კავკასიიდან თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში გასახლებული აფხაზების (მაჰაჯირების) შთამომავლებისაგან, რომლებმაც სოხუმში რამდენიმე საკმაოდ სოლიდური სასტუმრო გახსნეს.
აფხაზეთში, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კვალობაზე, კლანთა (საგვარეულოების) გავლენაც მატულობს. საერთოდ, კლანების არსებობა დამახასიათებელია როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ კავკასიისათვის. ხელისუფლების ყოველი ცვლილება ცხოვრების ყველა სფეროში წმენდას იწვევს, რაც, თავის მხრივ, საპასუხო წინააღმდეგობას ბადებს. აფხაზეთში იმატა კორუფციამ. ადრე, როცა ქვეყანა ძალიან ღარიბი იყო, გასაყოფიც არაფერი იყო, ახლა სხვა სიტუაციაა: აქ უკვე არის ჩრდილოვანი ეკონომიკა.
„თუ შენ რომელიმე კლანის წევრი არ ხარ და არავინ არ გიფარავს, სხვაგვარად ვერავის ვერ შეეწინააღმდეგები“, - ამბობს აფხაზეთში მცხოვრები ესტონელი ქალი. მისი თქმით, ჯერ კიდევ ათი წლის ასეთი ურთიერთობები არ შეიმჩნეოდა.
აფხაზეთი მსოფლიოში უკანასკნელი ადგილია, სადაც ჯერ კიდევ ძალაშია საბჭოთა პასპორტი, თუმცა იმპერიის გაქრობიდან უკვე 26 წელი გავიდა. საბჭოთა პასპორტით ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ გადავიდნენ აფხაზურ-ქართულ საკონსტროლო ხაზზე (მდ.ენგურზე) იმ პირობით, თუ ისინი 1991 წლამდე სასაზღვრო გალის რაიონში იყვნენ ჩაწერილნი. თუმცა ამ პასპორტს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერია - 31 დეკემბერს ეს დოკუმენტი აფხაზეთშიც გაუქმდება.