13-03-2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის შემოსასვლელში დაზიანებულ დროშას ქარის ჩადგომის შემდეგ გამოცვლიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ქარის გამო დაზიანებული საქართველოს დროშის შესახებ ინფორმაცია კეთილმოწყობის სამსახურს წუხელაც ჰქონდა, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო მისი გამოცვლა ვერ მოხერხდა.
„სხვადასხვა პერიოდულობით, საჭიროებისამებრ იცვლება დროშა. თვეში ერთხელ რუხში, ცაიშში კი უფრო მეტჯერ, თუმცა, თუ საჭიროა, უფრო ხშირადაც. ადგილზე მივლენ კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები და როგორც კი ქარი ჩადგება, შეცვლიან“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ მერიაში.
მერიაში ასევე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მერიაში დროშების გამოსაცვლელად საკმარისი რაოდენობაა.
დაზიანებული დროშის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა და მომხარებლების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
რადიო "ათინათი"