გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ბიუჯეტის ძირითადი მიზანია - პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება, დახმარება ბიზნესისთვის და პოსტკრიზისული აღდგენისთვის ეკონომიკის მომზადება

3-12-2020

მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ 1 წლის შემდეგ როგორ იქნება ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტი დაბალანსებულია და ემსახურება კოვიდთან ბრძოლას, მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერას და ეკონომიკის აღდგენის ღონისძიებებს.

„ბიუჯეტი გახლავთ დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებიც არის - პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ და რომელიც არის წარმოდგენილი, დაბალანსებული ბიუჯეტი, ითვალისწინებს რა, ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და აუცილებელია ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ მოქალაქეებისა და ბიზნესის სოციალური მიზნობრივი მხარდაჭერის და ბიზნესის მხარდაჭერის მე-4 ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა გახლავთ 1 მლრდ 420 მილიონი, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მლნ, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140 მლნ გათვალისწინებულია 2021 წლისთვის. ამ ციფრების ძირითადი მიმართულება გახლავთ პირველ რიგში ჯანდაცვის მხარდაჭერა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მლნ ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია და ვაქცინაციისთვის მომზადება, ასევე ვაქცინების შესყიდვა და, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მოქალაქეთა მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დღეიდან დაიწყო განაცხადების წარდგენა შემოსავლების სამსახურში. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებმაც, ვინც დროებით დაკარგეს შემოსავალი და თავად კომპანიებმაც (არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე), უნდა შეავსონ განაცხადი დროულად, რათა მათ ახალ წლამდე მიიღონ დახმარება.

„დღეიდან, მოგეხსენებათ, ვიწყებთ აღრიცხვას მომართვიანობის ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარებისა ჩვენი იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბოლო 2-თვიანი შეზღუდვების შედეგად დაკარგეს დროებით სამსახური და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და ფინანსთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რომ მათ ეს დახმარება მიიღონ. მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი. ამასთან ერთად, განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის, ეს გახლავთ 103 მლნ ლარი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, იზრდება განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროების, ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ,“- განაცხადა პრემიერმა.